საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პარტია "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი საქართველოში იმყოფებოდა. როგორც თავად აცხადებს, მას შეხვედრები ქონდა მაღალი პოლიტიკური რანგის ლიდერებთან. ის შეხვდა პრემიერ–მინისტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს კათალიკოს–პატრიარქს ილია მეორეს. ამ შეხვედრების მთავარი თემა იყო საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ.
"გურია ნიუსი" სალომე ზურაბიშვილს ამ თემაზე ესაუბრა.
"ზუსტად რომ ვთქვათ, ეს ჯერ არ არის კანონპროექტი. მე კი მაქვს სურვილი რომ იყოს, მაგრამ ჯერ ასე არ არის. ზუსტად ერთი წლის წინ შევიტანე მთავრობაში საზღვარგარეთ მცხოვრები 200 ქართველის მიერ ხელმოწერილი წერილი. მქონდა შეხვედრა პრემიერ მინისტრთან, პარლამენტის თავჯდომარესთან, პატრიარქთან. ჩემი მიზანი იყო , დასმულიყო ეს საკითხი დღის წესრიგში.
ეხლა უნდა გადავიდეთ მეორე ეტაპზე, ეს არის პოლიტიკური ნება. ერთია, რომ გაიაზრო რომ პრობლემა არსებობს, მეორე, რომ გადაწყვიტო და მესამე, როგორ უნდა გადაწყვიტო. პოლიტიკური ნება ჩანს. ყველა რაღაცა ფორმით აღიარებს, რომ ეს ნაწილი რომელიც წასულია, არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი.
არის რაღაც ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ დღეს სახელმწიფოში არსებული პროცედურები დასახვეწია. მეორე ჯგუფი, რომელსაც მე ვეკუთვნი, ამბობს რომ პროცედურები არ არის საკმარისი. პრობლემის საწყისი არის ის, რომ მე, სახელმწიფომ წაგართვი ეს მოქალაქეობა და მევე უნდა დაგიბრუნო. პოლიტიკური ნება არსებობს დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრემიერი არ მიმიღებდა.
გუშინწინ შეხვედრა არ შედგებოდა, რომ არ ყოფილიყო ნება ხელისუფლების მხრიდან. არავინ მბლოკავს, არავინ მეწინააღმდეგება, არავინ ამბობს, რომ პრობლემა არ არსებობს, ანუ კარი არის ნახევრად ღია, რომელშიც ასე ვთქვათ, შევიჭერი.
ამ კანონპროექტს ყავს მოწინააღმდეგეები სახელისუფლებო გუნდში, პარლამენტში. ისინი აცხადებენ, რომ ამით ყოფილ პრეზიდენტს, სააკაშვილს გზა გაეხსნება ქვეყანაში და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დასაბრუნებლად.
თუ არსებობს შიშები, ვთქვათ სააკაშვილის დაბრუნების გამო, ეს არის ვიწრო შიშები, რომელშიც რამოდენიმე ინდივიდია ჩაფლული. არავითარი გზა არ ეხსნება, დიდი ხნით არის ჩარჩენილი, იქ სადაც არის. ეს არ არის მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიცია, ეს კონკრეტულად რამოდენიმე პიროვნების პოზიციაა.
ეს არის ძალიან მტკივნეული და აქტუალური თემა, რომელსაც პოლიტიკურმა ძალებმა ალღო უნდა აუღონ. არსებული პოზიცია მოდის იმ ადამიანებისგან რომლებიც უშუალოდ ჩართული არიან დღეს მოქმედ პროცედურებში . თუ აირჩევენ კონსტიტუციური ცვლილებების გზას, ეს მოითხოვს პოლიტიკური უმცირესობის თუნდაც ნაწილის დათანხმებას. ორივე ძალამ უნდა დაინახოს, რომ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა ქვეყნის ინტერესების სფეროშია.
საერთოდ, ეს თემა წინ რომ წაიწიოს, ქვეყნისთვის იქნებ დადებითი, იმიტომ რომ შემოაქვს რაღაც პოზიტივი. მეორე ეს არის კონსოლიდაციის, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების და საზოგადოების გაერთიანების მცდელობა, ზესახელმწიფოებრივი საკითხის მიმართ, რაც ძალიან ჭირდება დღეს ქვეყანას."
.