"მე, ერთი მხრივ, ვადასტურებ ბატონი საგანელიძის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პარლამენტში ყველა ვერ იქნება. ამაზე საუბრობს თავად არითმეტიკა. საქართველოში არის 3 მილიონზე მეტი მოქალაქე, პარლამენტში არის 150 ადგილი. რაც შეეხება უფრო კონკრეტულად ვის სურს პარლამენტში დარჩენა, თუ ვინ იმსახურებს, თუ ვის აღარ უნდა – ამაზე ჯობდა ბატონ დავითს მაშინ ესაუბრა როდესაც უმრავლესობის ლიდერი იყო და მაშინ გაერკვია ეს თემები.
ახლა უფრო მარტივია მისთვის ამ თემებზე საუბარი, მაგრამ ყველას შეუძლია თავისი აზრი გამოთქვას. თავად მე, როდესაც ამ თემაზე ვისაუბრე შეგახსენებთ, მე ვთქვი არა ის, რომ ვინმე მეტია პარლამენტში, არამედ ვთქვი ის, რომ ვიღაცა ნაკლებია პარლამენტში. მაგრამ მინდა ვისურვო მეტი პროფესიონალი იურისპრუდენციის, ეკონომიკის, ფინანსების დარგებში იმიტომ, რომ ჩვენი კანონშემოქმედების 80-90%-ი ამ სფეროებს უკავშირდება. ამასთანავე, მე არაერთხელ განვმარტე – საქართველოს არც ერთი უმაღლესი დაწესებულება არ იძლევა დიპლომს რომელშიც წერია – სპეციალობით პარლამენტარი! ასეთ დიპლომს არ იძლევა არც ერთი უცხოური უნივერსიტეტიც. ე.ი. ყველა პარლამენტში არიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებიც. ამიტომ მნიშვნელოვანი ის კი არ არის ვინ რას აკეთებდა პარლამენტში შემოსვლამდე, მნიშვნელოვანი ის არის პარლამენტში მოსვლის მერე ვინ რას აკეთებს. ესეც არაერთხელ ფიგურალურადაც მოგახსენეთ, რომ თუ იყავი მწერალი პარლამენტში შემოსვლამდე და მაგიდა სავსე გქონდა სალიტერატურო გამოცემებით, მინიმუმ ნახევარი მაგიდის უნდა გავათავისუფლოთ და დავდოთ კანონები, კონსტიტუცია, რეგლამენტი და ჩავერთოთ საპარლამენტო საქმიანობაში.
ისიც ვთქვი, რომ თუ ვინმეს მაგიდაზე ლიტერატურული ნაწარმოები კი არ ჰქონდა, არამედ სხვა ნივთები, ან თემებით იყო დაკავშირებული, ისიც უნდა გავწიოთ გვერდზე და მინიმუმ ნახევარი დავუთმოთ საპარლამენტო საქმიანობას. ასეთ შემთხვევაში გვექნება კარგი პარლამენტი. ასე, რომ ეს მომავლის ამოცანაა. სულ ცოტა ხანში ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოში პირველი არჩევნების ჩატარებიდან 25 წელს. 25 წლის განმავლობაში ბევრმა თუ არ ვცდები, 1219 საქართველოს მოქალაქემ შეიძინა პარლამენტის წევრის სტატუსი. ამის თაობაზე საინტერესო გამოცემაც მზადდება ჩვენი თანამონაწილეობითაც და ახლა ის 1200-ვე წევრი ვერ იქნება ყველასთვის ერთნაირად სასურველი, მისაღები, საამაყო და ა.შ. მაგრამ ეს არის ამომრჩევლის გადასაწყვეტი და არა ჩვენი.
მიმდინარეობს მუშაობა ამ საარჩევნო სიაზე თუ არა. არა. ჯერ ეს მუშაობა არ მიმდინარეობს. ამისთვის ჯერ ძაან ადრეა. მაგრამ ნელ-ნელა ეს დროც მოდის რა თქმა უნდა. ამასობაში საარჩევნო ციებ-ცხელება რომ დაწყებულია ქვეყანაში ამას მიუთითებს ძალიან ბევრი რამ. ბევრი ემზადება ამისთვის, კოალიციაც ემზადება, ინდივიდუალურადაც მიმდინარეობს ალბათ ამ თემის გააზრება ფიქრი, ვის სად როგორ წარმოუდგენია, მაგრამ კოალიციაში ჯერ სიაზე და კანდიდატებზე ფიქრი ჯერ არ მიმდინარეობს. რაც შეეხება უმრავლესობის ლიდერის თემას მინდა მოგახსენოთ, რომ უმრავლესობას ჰყავს ლიდერი, მას ჰქვია დავით საგანელიძე. მისი უფლებამოსილება პარლამენტის წევრის ჯერ არ არის შეწყვეტილი. პარლამენტში ამ წუთის მდგომარეობით საბუთები ჯერ არც არის შემოსული მისი დანიშვნის თაობაზე. იმიტომ, რომ იქ ცოტა ისეთი თემებია… ჯერ უნდა დარეგისტრირდეს იგი როგორც ამ ორგანოს ხელმძღვანელი. ეს არ არის პირდაპირ საჯარო სამსახურის ის სახე, რომელიც ასე ხდება. მოკლედ პარლამენტში შემოვა სათანადო დოკუმენტები, კომიტეტი განიხილავს და შემოსვლიდან პირველივე სხდომაზე მას შეუწყდება უფლებამოსილება. მანამდე ის უმრავლესობის სტატუსით არის ამ წუთამდე და მისი შემცვლელის ვინაობის გარკვევა ეს არის ალბათ ამ კვირის ბოლო, მომავალი კვირის დასაწყისის საქმე.
კანდიდატურებს რაც შეეხება თუ შესაძლო პირებს, მსურველებს, აქ საკმაოდ საინტერესო და ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს და მე დარწმუნებული ვარ ეს პროცესი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა. კოალიცია იყო და რჩება საკმაოდ მრავალფეროვან წარმონაქმნად. აქ არის სხვადასხვა ფრაქციები სხვადასხვა გუნდები. ჩვენ თავიდანვე შევჯერდით, რომ შეუძლებელია უმრავლესობის ლიდერის კანდიდატურის განხილვა დაიწყონ იმ ფრაქციებმა და იმ ჯგუფებმა რომლებიც თავად არიან საკმაოდ დიდ უმცირესობაში, თუ როგორ ვთქვა არ ვიცი. ანუ უმრავლესობის უმრავლესობაში მყოფი ფრაქცია, რა თქმა უნდა უმრავლესობაშიცაა ფრაქციის შიგნით და უმრავლესობის შიგნით და ამიტომ რაღაცნაირად სიტყვა მას ეკუთვნის. ჩვენ სხვა ფრაქციებმა და პარტიებმა ჩვენს კოლეგებს ამის თაობაზე ვაცნობეთ, რომ პირველ რიგში მათგან დაველოდებოდით მოსაზრებებს, ოღონდ აქ აკრძალული კი არ არის, რომ ვინმე სხვა ფრაქციის წარმომადგენელი გახდეს უმრავლესობის ლიდერი, მაგრამ ამის თაობაზე, თუ ეს მოსაზრება იქნება, ველით ყველაზე დიდი ფრაქციიდან. ასე, რომ ეს პროცესი კვირის ბოლოს მგონი გადაწყვეტილებების დონეზე იქნება დასრულებული."- ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.