საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის ავტორობით პარლამენტს განსახილველად წარედგინა პროექტი, რომელიც საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა სახელფასო განაკვეთს ადგენს.
კანონპოექტის მიხედვით, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომითი ანაზღაურება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიურ ხელფასს არ უნდა აღემატებოდეს. "საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონით კი, სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 7 000 ლარს შეადგენს.
"კანონპროექტის შემუშავების მიზეზია შეუსაბამოდ მაღალი სახელფასო განაკვეთი, რომელიც საპარტნიორო ფონდში დასაქმებულ პირებს გააჩნიათ, რაც დღეს საქართველოში არსებულ ყველაზე მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებასთან შედარებით, განსაკუთრებით მაღალია", – განმარტავს პროექტის ავტორი.
ეს თემა განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად უმრავლესობის ყოფილი ლიდერი დავით საგანელიძე გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საგანელიძის ხელფასი ახალ თანამდებობაზე, დაახლოებით 30 ათას ლარს შეადგენს.