"სუფსის თემის მოსახლეობა პირველი ოქტომბრისთვის დაანონსებულ აქციის გამართვაზე უარს იმ შემთხვევაში იტყვის, თუ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ადგილზე ჩამოვა და მოსახლეობას შეხვდება," – ასეთ განცხადებას ავრცელებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ალეკო ევგენიძე.
"ლანჩხუთის მოსახლეობა 17 აგვისტოდან ითხოვს მინისტრთან შეხვედრას. რვა სექტემბრიდან პიკეტირებული გვაქვს ავტომაგისტრალის მშენებარე ტერიტორიაზე მისასვლელი გზა. აქციის ერთადერთი მოთხოვნა იყო და არის საქმიანი დიალოგი, საქმიანი შეხვედრა მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილთან. ეს მოთხოვნა ძალაშია პირველ ოქტომბრამდე, თუ მინისტრი ჩამოვა, მაშინ დაანონსებული აქციის გამართვაზე უარს ვამბობთ.
იქნებ მიმდინარე წლის პირველ ოქტომბრამდე ჩამოვიდეს ბატონი ჯავახიშვილი და შეხვდეს მოსახლეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ "მწარე ხუმრობას" ვგეგმავთ – შავ კუბოში ჩაწვენილ სიმინდის კულტურას შეკვეთილში "გადავასვენებთ" და ბატონ ბიძინას ვთხოვთ, რეკომენდაცია გაგვიწიოს მის მიერ დატოვებულ მთავრობასთან", – აქციის ორგანიზატორთა სახელით დასძენს ევგენიძე.