შეგახსენებთ, რომ "სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრმა" დღეს გაავრცელა განცხადება , რომელშიც მოითხოვდა , თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი არეშიძის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაჯაროებას.
როგორც "სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელმა გიორგი ხაბურზანიამ განაცხადა, გიორგი არეშიძეს თბილისის მერიის ვებგვერდზე მითითებული აქვს განათლების გრაფაში წმ. ნიკოლოზის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი, რაც მისი თქმით, საქართველოში არ ფიქსირდება.
მისივე მტკიცებით, განათლების სამინისტროს ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვეს ინფორმაცია, თუმცა წმინდა ნიკოლოზის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის არსებობა არც მათ დაადასტურეს.
"ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრიდან ინფორმაცია გამოვითხოვეთ, სადაც ეწერა, რომ სალიცენზიო რეესტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში წმ. ნიკოლოზის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის სახელწოდებით საგანმანათლებლო დაწესებულება არ იძებნება. ჩვენ მერიისგან მოვითხოვთ გასაჯაროვდეს გიორგი არეშიძის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგანაც ჩვენთვის კალაძის ცოლის ძმობა მაღალკვალიფიციურობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ იქნება", – განაცხადა "სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელმა გიორგი ხაბურზანიამ.
თბილისის მერია განცხადებით პასუხობს "სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრს."
"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განცხადებით, გიორგი არეშიძე 2010 წელს ჩაირიცხა წმინდა ნიკოლოზის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც 2014 წელს დაამთავრა. მას მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით (დიპლომის ნომერი # 000473).
საქალაქო სამსახურის უფროსად გიორგი არეშიძის დანიშვნა თვითმმართველობის შესახებ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა." -აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.