ადვოკატ გიორგი მელიქიშვილის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტებს აეკრძალათ, ერთპიროვნულად წარადგინონ დელეგატი.
მელიქიშვილის განმარტავს, რომ სასამართლომ სამართლებრივი დასაბუთებით დაადგინა, რომ დელეგატის წარდგენის უფლებამოსილება, მხოლოდ და მხოლოდ გამგეობას აქვს.
"სასამართლომ აღმასკომის მიერ დამტკიცებულ დელეგატებს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. ამიტომ მათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ. ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტებს აეკრძალათ ერთპიროვნულად წარადგინონ დელეგატი.
სასამართლოს სამართლებრივი დასაბუთება არის შემდეგი: გურიასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ გამგეობაა უფლებამოსილი წარადგინოს დელეგატი.
რაც შეეხება რაჭას, აქაც აღმასკომია უფლებამოსილი წარადგინოს დელეგატი. აღმასკომი შედგება 7 წევრისგან, 4 წევრი აცხადებდა, რომ ასეთი სხდომა საერთოდ არ ჩატარებულა. ანუ ქვორუმის არარსებობის გამო ლეგიტიმაცია არ გააჩნდა. სასამართლომ, ცხადია, გაიზიარა ჩვენი არგუმენტირებული დასაბუთება“ – განაცხადა ადვოკატმა.
გიორგი მელიქიშვილის თქმით, ხვალ ტრიბუნალის სხდომაც ტარდება, სადაც ის დაიბარეს.
„ხვალისთვის რაღაც გაურკვეველ ტრიბუნალის სხდომაზე დამიბარეს. დამიკავშირდა დავით მაისურაძე და მითხრა, რომ სხდომას ატარებს. ჩემთვის გაუგებარია, თუ რა სხდომაზეა საუბარი. მივალ აუცილებლად ერთადერთი მიზნისთვის, რათა მათ ვუთხრა, რომ ეს საკითხი უკვე განხილული და გადაწყვეტილია. ბუნებრივია, სხვა პროცედურებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ" – აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საფეხბურთო დავების განმხილველმა ტრიბუნალმა რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის რეგიონული ფედერაციების დელეგატები უკვე გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში ისინი მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.