საქართველოს მთავრობამ შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდთან ჩარჩო ხელშეკრულება გააფორმა. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ხოლო გლობალური ფონდიდან ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ დაიბლიმ.
შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ შემოღებულ დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ( EECA) ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ საერთაშორისო დაფინანსებიდან ეროვნულ დაფინანსებაზე გადასვლის გზები და დაიწყონ შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება. სამოქმედო გეგმა შემდგომი 5 წლის განმავლობაში განსაზღვრავს დონორულ და ეროვნულ დაფინანსებასთან დაკავშირებულ დეტალებს.
აღნიშნული ჩარჩო ხელშეკრულების მნიშვნელობა შეაფასა „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტმა, დოქტორმა ჟან–ელი მალკინმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აივ ინფექცია და ტუბერკულოზი მნიშვნელოვანი გამოწვევებია და ქვეყანა ეტაპობრივად, ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა გადავიდეს ამ პროგრამების მკურნალობისა და პრევენციის ეროვნულ დაფინანსებაზე.
„მოგეხსენებათ, „გლობალური ფონდი“ გადის რეგიონიდან, მათ შორის საქართველოდანაც. მთავარი კი საქართველოსთვის გახლავთ, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა აივ ინფექციისა და ტუბერკულიოზის პროგრამების თვითდაფინანსებაზე. „გლობალური ალიანსი“ “საქართველოს მთავრობას მხარს უჭერს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში, რაც ასევე მოიცავს დაფინანსების გზების მოძიებასაც.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ მთავრობა ისეთი რჩევებით, რომელიც მას დაეხმარება გამონახოს დაფნანსების გზები აივ ინფექციისა და ტუბერკულიოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამებისთვის. ეს მოხდება ნაბიჯ–ნაბიჯ, არა ერთ თვეში ან ერთ წელიწადში. იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს შიდა რესურსებით ამ დაავადებებთან ბრძოლას. ძალიან მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ეს პროგრამები გაგრძელდება“,– განაცხადა ,,გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტმა, დოქტორმა ჟან–ელი მაკლინმა.