რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, გავრცელებულ ინფორმაციას, სირიაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ, უარყოფს.
აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTON POST ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, მოქალაქეები იქამდე დაიღუპნენ, ვიდრე რუსული თვითმფრინავები სირიაში მდებარე ბაზებიდან აფრინდებოდნენ.
სირიის ეროვნული საბჭოს ოპოზიციური ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსულმა საჰაერო ძალებმა სირიაში ოთხი დაბომბვა განახორციელეს, 36 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ ისლამური სახელმწიფოს 12 ობიექტი გაანადგურეს, მათ შორის მართვის ცენტრი და იარაღის ორი საწყობი.
მისივე თქმით, რუსული თვითმფრინავები თავს მხოლოდ საომარ პოზიციებს ესხმის და მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიში არ მიაქვს.