ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ბიძინა სტურუამ "ნაცმოძრაობის" წევრებს დავით მჟავანაძეს, ილია მალაზონიას და "თავისუფალი ზონის" წევრს ბესო ქათამაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 22-ე მუხლის საფუძველზე შენიშვნა გამოუცხადა.
"1 ოქტომბერს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა შეგვფარდებოდა 500 ლარიანი ჯარიმა. უფრო მეტიც, აღნიშნული ბანერი "მატყუარა მთავრობა" კანონით დადგენილ 10 დღის ვადაში უნდა დაგვიბრუნდეს. თავდაპირველად ბრალი 45-ე მუხლით წაგვიყენეს, თითქოს ფსიქოტრონული და ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებოდით, რაზეც პოლიციაში ოპერატიული ინფორმაცია იყო შესული. ამის გამო გადაგვიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რაც არ დადასტურდა. სამივეს ცხოვრებაში სიგარეტიც კი არ გვაქვს მონაწევი. მას შემდეგ, რაც არ დაგვიდასტურდა ნარკოტიკის მოხმარება, წაგვიყენეს მეორე ბრალი 150-ე მუხლის 2-ე ნაწილი ქალაქის იერსახის დამახინჯებაში.
დღევანდელი სასამართლო პროცესის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 15 სექტემბერს ჩვენი დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული. ქვეყანაში შერჩევითი სამართალია და მიზანმიმართულად ვიდევნებით მთავარი ოპოზიციური პარტის წარმომადგენლები". – გვითხრა ბესო ქათამაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების ინტერესებს სასამართლო პროცესზე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოზურგეთის ოფისის იურისტები იცავდნენ.