სამშაბათს ფრაქციამ "ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისთვის" ბრიფინგი გამართა, სადაც ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა კახა ასკურავამ განაცხადა, რომ ფირმა "ვლადნეფტპროდუქტი", რომელიც სოფელ აკეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებს ჩრდილო ოსეთში 2010 წელსაა ლიკვიდირებული და მან საკუთარი წარმომადგენლობა საქართველოში 2015 წლის 17 აგვისტოს გახსნა, ანუ აკეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებულ ტენდერის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე.
ასკურავას ამ განცხადებას შპს "ვლადნეფტპროდუქტის" წარმომადგენელი საქართველოში ილია დალაქიშვილი გამოეხმაურა, რომლის წერილის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ.
"ამა წლის 1 ოქტომბერს ბატონმა კახა ასკურავამ ბრიფინგზე გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, რომელითაც ამტკიცებდა, რომ საქართველოში დარეგისტრირებული რუსული კომპანიის წარმომადგენლობა შ.პ.ს. "ვლადნეფტპროდუქტი", რუსეთში გაუქმებულია 2010 წლიდან.
ბატონი კახა ან მიზანმიმართულად ცრუობს ან ის თვითონ შეიყვანეს შეცდომაში და ამით საზოგადოებაც შეჰყავს შეცდომაში.
მან წარმოადგინა ინტერნეტით მოძიებული ინფორმაცია, რომ 2010 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება ერთ-ერთმა კომპანიამ შ.პ.ს. "ვლადნეფტპროდუქტმა".
ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რატომ არ მოიძია ინფორმაცია კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომრით, ვინაიდან , დიდი ალბათობით, რამოდენიმე ფირმის სახელწოდება ემთხვევა ერთმანეთს, მან გვიპასუხა რომ ლანჩხუთის გამგეობამ არ მიაწოდა ჩვენი კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი და რეკვიზიტები. როგორც სათაო ოფისის, ასევე წარმომადგენლობის ინფორმაცია განთავსებულია შესყიდვების სააგენტოს საიტზე (tenders.procurement.gov.ge), სადაც შესაძლებელია ყველა ინფორმაციის მოძიება კომპანიებზე, ვინც მონაწილეობს ტენდერებში.
პატივცემული კახა ასკურავა თუ არ გააკეთებს განცხადებას პრესის წინაშე, რომ პოლიტიკური განცხადების დროს მას შეეშალა და შეცდომა დაუშვა, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს მივმართოთ სასამართლოს და იქ გავარკვიოთ ურთიერთობა მასთან"–- ნათქვამია კომპანიის წარმომადგენელისგან გამოგზავნილ წერილში.
ჩვენ კომენტარისთვის თავად ასკურავასაც დავუკავშირდით, რომელმაც შემდეგი განაცხადა -"გუშინ ლანჩხუთში დატრიალებული ტრაგდიის გამო ამ ეტაპზე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, თუმცა, უახლოეს დღეებში ჩვენი ფრაქცია აუცილებლად მოაწყობს პრესკონფერენციას და შესაბამისი არგუმენტებით გავცემთ პასუხს, როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობას, ასევე ბატონ ილია დალაქიშვილსაც“.