გავლენიანი ამერიკული ჟურნალის, "ფორბსის" მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში მექსიკელი მილიარდერი ხოაკინ გუსმანიც მოხვდა.
ხოაკინ გუსმან ლოერა, მეტსახელად "ელ ჩაპო" (ცეროდენა), უკვე მეხუთედ შეიყვანეს მილიარდერთა რეიტინგში.
ლეგენდარული და მოუხელთებელი მექსიკელი ნარკობარონის ქონება მილიარდი დოლარია. ამერიკაში გუსმანზე ძებნაა გამოცხადებული და მის დაკავებაში დახმარებისთვის 5 მილიონი დოლარია დაწესებული.
"ფორბსმა" ელ ჩაპო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა, რომელიც ამერიკის კოკაინის ბაზრის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს.
აშშ-ში ნარკოტიკების არალეგალური გავრცელებიდან ხოაკინ გუსმან ლოერას წლიური შემოსავალი 323 მილიონი დოლარია.
ის 1957 წელს მექსიკაში, უღარიბეს ოჯახში დაიბადა და ახალგაზრდობის წლები სიღატაკეში გაატარა. გუსმან ლოერა ფორთოხალს ყიდიდა საკვების ფულის საშოვნელად.
მის ცხოვრებაში ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ანხელ ფელიქს გალიარდო გაიცნო, რომელიც მექსიკის ნარკობარონების ნათლიმამა იყო. სწორედ გალიარდოს დაპატიმრების შემდეგ ჩაუდგა სათავეში ხოაკინ გუსმან ლოერა ნარკო კარტელ "არტელ დე სინალოას".