გასულ კვირას, ოზურგეთელი ბადრი მახინიას სასამართლო პროცესი 2-საათიანი დაგვიანებით დაიწყო. დაკავებულის ახლობლები და ადვოკატები სახელმწიფო ბრალმდებელს, შოთა ჩხაიძეს ელოდებოდნენ.
ბადრი მახინიას საქმეს მოსამართლე ბიძინა სტურუა განიხილავს. მოსამართლემ თავდაპირველად დარბაზში მყოფებს წესრიგისკენ მოუწოდა, შემდეგ ბრალდებულის ვინაობა დაადგინა. ბადრი მახინიამ დასაწყისშივე უთხრა მოსამართლეს, რომ მას არ გააცნეს თავისი უფლებები, სანამ ადვოკატი არ მივიდა, რითაც მოსამართლე არ დაინტერესებულა.
მხარეებს ერთმანეთის მიმართ აცილება არ ჰქონიათ. ამის შემდეგ, პროკურორმა საბრალდებო დასკვნა შეუსვენებლად ჩაიკითხა. საბოლოოდ კი, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 22 სექტემბერს, საღამოს 8 საათისთვის, მახინიამ შეურაცხყოფა მიაყენა ნ. ბ.-ძეს და იარაღიდან რამდენიმე გასროლის შემდეგ მიიმალა. ბრალდების მიხედვით, ეს რამდენიმე მოწმის, მათ მიერ გაგზავნილი სმს შეტყობინებით, ბალისტიკური ექსპერტიზით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებით დგინდება.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, მახინიას სისხლის სამართლის 236 მუხლის II ნაწილითაც ედება ბრალი, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დაკავებულ ბადრი მახინიას უფლებებს ადვოკატები _ რამინ და ზაზა პაპიძეები იცავენ. რამინ პაპიძე შეეცადა სასამართლოსთვის აეხსნა დარღვევები, თუ როგორ ჩაატარა მახინიას საცხოვრებელში ჩხრეკა სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პირმა, რომელიც სამართალდამცავებს ახლდა ოჯახში მისვლისას. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ სწორედ ამ პირმა დადო ჯერ საბრძოლო მასალები, რომელიც შემდეგ სამართალდამცავებმა ამოიღეს.
ხაზგასასმელია ის, რომ 23 სექტემბრის დილით, ჯერ ბადრი მახინია დააკავეს (ბრალს ორი მუხლით უყენებენ) და საქმეში შემდეგ ჩნდება დაზარალებულის ჩვენება.
ადვოკატმა დაზარალებულის ჩვენებაც წაიკითხა, რომელშიც დაზარალებული არასრულწლოვანი ნ. ბ. პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულისაგან განსხვავებით აღწერს მომხდარს: "შემომესმა გასროლის ხმა, გავემართე იქით, შევნიშნე 2 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთმა მესროლა".
ადვოკატმა ზაზა პაპიძემ მოსამართლეს შეახსენა, რომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა, როგორც სადამსჯელო ღონისძიება, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა, გამართლებული არ არის _ ევროპული სასამართლო პატიმრობის შეფარდებას სადამსჯელოდ არ ამართლებს.
ბრალდებულის დამცველებმა სასამართლოს გირაო _ 20 000 ლარის ოდენობით და სხვა შემაკავებელი ღონისძიებები, როგორიცაა ქვეყნის არდატოვება და საქმის მოწმეებთან არმიახლოება შესთავაზეს.
მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოტანამდე კითხვა ჰქონდა პროკურორთან _ მას აინტერესებდა, დაკავების ოქმის ბოლოში არსებული ხელმოწერა დაკავებულის შენიშვნას ეკუთვნოდა თუ ოქმის ჩაბარებას (დაკავებულს ოქმზე ჰქონდა შენიშვნა გაკეთებული, რომ მისთვის უფლებები არ განუმარტავთ). პროკურორ შოთა ჩხაიძის პასუხის მიხედვით, ხელმოწერა, რომელიც შენიშვნის შემდეგ არის გაკეთებული, ოქმის ჩაბარებას აღნიშნავს: "მე ვესაუბრე გამომძიებელს და მან სიტყვიერად მითხრა, რომ დაკავებისას მახინიას უფლებები გააცნეს".
ბადრი მახინიას მიმართ მოსამართლე ბიძინა სტურუამ აღმკვეთი ღონისძიების სახით დაპატიმრება გამოიყენა.