ზემოხეთი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ღარიბი სოფელია. ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი ამ სოფელში ცხოვრობდა, მაგრამ ახლა ასე აღარ არის. იმიტომ კი არა, რომ ზემოხეთში ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა _ დახმარება ბევრ ზემოხეთელს შეუწყდა.
მათ შორისაა კერძევაძეების სამსულიანი ოჯახი _ ოჯახის უფროსი რომან კერძევაძე 60 წლისაა, მისი მეუღლე დალი კერძევაძე 55 წლის და ორივე უმუშევარი. მათი ერთადერთი შვილი გოჩა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და წლებია, საწოლს არის მიჯაჭვული. ოჯახის შემოსავალი მხოლოდ გოჩას პენსიაა.
ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს. თუ რატომ, ამაზე პასუხი არც ოჯახის უფროსს აქვს და არც სოფლის დეპუტატ ერეკლე უღრელიძეს, რომელიც გვწერს: "ქართული ოცნების" "ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სოციალური შემწეობა უმრავლესობას შეუწყდა, მათ შორის, რომან კერძევაძის ოჯახსაც".
როგორც გავარკვიეთ, ადგილობრივი ხელისუფლება რამდენჯერმე დაეხმარა კერძევაძეებს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, რადგან გოჩა კერძევაძეს ყოველთვიურად ძვირადღირებული წამლები სჭირდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრის ჩოხატაურის განყოფილების უფროსის, ზურაბ კალანდაძის მიერ მოწოდებულ ოფიციალურ წერილში კი, ნათქვამია: "ოჯახი გადამოწმდა 2015 წლის 2 ივნისს, ,,გადამოწმების გრაფიკის" სიის (მიმღები ოჯახების გადამოწმება) საფუძველზე. მიმდინარე წლის 9 ივნისს, გადამოწმების შედეგად, ოჯახის სარეიტინგო ქულის სიდიდემ შეადგინა 69 180 ერთეული, აღნიშნული ქულის სიდიდე არ ითვალისწინებს სოციალურ დახმარებას (ფულადი საარსებო შემწეობის) დანიშვნის შესაძლებლობას. სოციალური დახმარება-საარსებო შემწეობა ინიშნება 65000-მდე სარეიტინგო ქულის არსებობის შემთხვევაში, თუ ეს ქულა მინიჭებულია 2015 წლის პირველი მაისის შემდეგ. ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახი ინფორმირებულია, იცნობს დეკლარაციაში არსებულ ინფორმაციას, რაზედაც პრეტენზიას არ აცხადებს. სამწუხაროდ, სარეიტინგო ქულის ოდენობა ამ შემთხვევაში არის მაღალი და რაიონულ განყოფილებას დამატებითი რაიმე ქმედების გახორციელება არ შეუძლია".