გურულებისთვის ერთ-ერთი მთავარი შემოსავალი თხილია. ბოლო პერიოდში გაიზარდა საქართველოდან თხილის ექსპორტი ევროპულ ბაზარზე. გურიაში მცხოვრები სოფლის მეურნეობის ექსპერტები ამბობენ, რომ რაც მეტი კოოპერატივი იქნება, მით უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს ადგილობრივი ფერმერი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ცნობილმა ადვოკატმა, ლია მუხაშავრიამ კოოპერატივი "გურიის თხილი" ლანჩხუთელებთან ერთად შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგში, სხვადასხვა პროცესებით არის დაკავებული, დროს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვისაც რჩება. კოოპერატივი 2014 წელს შექმნა და ახლა "ენპარდისგან" პროექტის დაფინანსებასაც ელოდება.
"მართალია სხვა საქმით ვარ დაკავებული, მაგრამ ჩემი საქმეები სტრასბურგში ძალიან დიდხანს გრძელდება და მარტივად გადავწყვიტე სოფლის მეურნეობის კუთხითაც მომესინჯა ჩემი ძალები. მე თვითონ მაქვს თხილის ბაღი გაშენებული და მინდა კიდევ გავაშენო. ახლა სახელმწიფო ხელს უწყობს კოოპერატივებს და მინდა დავეხმარო ყველას, ვინც კოოპერატივში გაწევრიანების სურვილი გააჩნია. ასევე დავეხმარო თხილის მოსავალის ხელსაყრელ ფასად გაყიდვაში.
ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენი თხილის მოსავალს. როცა გვექნება მნიშვნელოვანი რაოდენობის პროდუქცია, მაშინ იოლია სერიოზულ კომპანიას მიყიდო ეს თხილი უცხოეთში და მიიღო კარგი ანაზღაურება, რომელიც განაწილდება კოოპერატივის წევრებს შორის.
ვაპირებთ კოოპერატივის გაფართოებას და გვინდა ჩვენი ქარხანა გვქონდეს. სადაც გადავამუშავებთ ჩვენს პროდუქტს და მოხდება შემდეგ ამის რეალიზაცია. " -თქვა ჩვენთან საუბრის დროს ლია მუხაშავრიამ.
მანვე გაგვიმხილა, რომ ასევე მცენარე სტევიას მოშენებასაც და მის დამზადებასაც გეგმავს.
"ეს არის მცენარე სტევია, რომელიც შეიცავს ტკბილ ნივთიერებას და მისგან შეიძლება მივიღოთ შაქრის ფხვნილი . ეს პირდაპირ მისწრებაა დიაბეტით დაავადებულთათვის. შაქრის შემცვლელებს შორის სტევიას კონკურენტი არ ყავს, ვერცერთი ნივთიერება ვერ შეედრება ამ მცენარეს ეფექტურობით, სიტკბოთი.
სტევია არ იწვევს შაქრის დონის მომატებას სისხლში. ნეველა სტევია ფხვნილის სახით იდეალურია ცხობისას. 1 ჩაის კოვზი სტევია ისეთივე ტკბილია , როგორც 1 ჩაის კოვზი შაქარი .
სტევიას შაქრის ფხვნილი ძალიან სასარგებლოა, გასახდომად, წმენდს სისხლ-ძარღვებას, არეგულირებს ნივთიერების ცვლას, წნევას და ა.შ." – თქვა ჩვენთან საუბრის დროს ლია მუხაშავრიამ.
2015 წელს საქართველოს მთავრობის ინციციატივით თხილის სექტორის განვითარების პროგრამა დაიწყო. პროგრამას ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მასში შემავალი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის განვითარების სააგენტო.
პროგრამის მიზანია თხილის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნა, თხილის თვითღირებულების შემცირება და ექსპორტის შესაძლებლობების გაზრდა.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი სოფელ დარჩელში, უკვე დაიწყო ნაჭუჭიანი თხილის საშრობი მანქანა-დანადგარებისა და სასაწყობე ფართის მოწყობა. აღნიშნულ საწარმოს შესაძლებლობა ექნება ყოველდღიურად 24 ტონამდე ნაჭუჭიანი თხილი გამოაშროს და 500 ტონამდე თხილი შეინახოს.
დარჩელის თხილის საშრობი და შესანახი საწარმო მოხმარებაში გადაეცემა კონკურსის წესით გამარჯვებულ თხილის კოოპერატივს, რომლის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 500 მეპაიეზე ნაკლები.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელს უწყობს სურსათის უვნებლობის და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას საქართველოში. კოოპერატივი, რომელსაც დარჩელის საწარმო მოხმარებაში გადაეცემა, ვადებულია 2018 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის (Global GAP) დანერგვა, ხოლო 2019 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს იჯარით აღებულ საწარმოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა.
Eugeorgia.info-ს ანალიტიკოსის, მანანა ვარდიაშვილის ინფორმაციით, თხილს და კაკალს საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში წამყვანი ადგილი უჭირავს. საქართველოდან თხილი ექსპორტზე ძირითადად იტალიაში, ყაზახეთში, გერმანიაში, ერაყში, ჩეხეთში, უკრაინასა და დიდ ბრიტანეთში გადის.
ქართული თხილის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარი (ბაზრის 60%) ევროპის ქვეყნებზე მოდის. ევროპის ბაზარზე საქართველო თურქეთთან ერთად თხილის ერთ–ერთ ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად ითვლება. 2009-2012 წლებში ევროკავშირში გაუტეხავი თხილის ექსპორტის მოცულობით საქართველო ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე იყო, თხილის გულის ექსპორტიორ ქვეყნებში კი მესამეზე ( 2011 წელს საქართველომ ევროკავშირში თხილის გულის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ექსპორტის მოცულობით მეორე ადგილიც კი დაიკავა.)
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თხილის ექსპორტიორი უმსხვილესი ქვეყნების ხუთეულში შედის და ევროკავშირის ბაზარზე ერთ–ერთ მსხვილ მიმწოდებლად ითვლება, ის ბაზარზე თხილის ფასის განსაზღვრაში არ მონაწილეობს: დაბალი ხარისხის, არასტაბილური მიწოდების და ნაკლები ცნობადობის გამო ქართული გაუტეხავი თხილიც და თხილის გულიც ევროკავშირში თურქულთან შედარებით ნაკლებად ფასობს.
ქართული თხილის ექსპორტიორებს წინ კიდევ ახალი გამოწვევა ელოდებათ -ევროპის ქვეყნებში ჩატარებული კვლევის თანახმად, გასული სამი წლის განმავლობაში ევროკავშირში თხილის გულზე მოთხოვნა შემცირდა: იმის გამო, რომ ევროპაში წარმოების ხარჯები სულ უფრო იზრდება, ევროპულ კომპანიებს ურჩევნიათ, რომ თხილის გულის ყიდვის და შემდეგ მისი გადამუშავების სანაცვლოდ პირდაპირ თხილის მზა პროდუქტები – მოხალული, კანგაცლილი თხილი, დაქუცმაცებული თხილი, ნედლი და მოხალული თხილის ფქვილი და თხილის პასტა შეიძინონ.
თხილი და თხილის გული ნედლეულია, თხილის ფქვილი და პასტა კი პროდუქტი. იმისთვის, რომ ქართველმა ექსპორტიორებმა ევროპაში თხილის პროდუქტი გაიტანონ, მათ ბევრად უფრო მკაცრი სერტიფიცირების და ლაბორატორული შემოწმების სისტემა უნდა გაიარონ. ეს სისტემა კი საქართველოში ჯერჯერობით, კარგად აწყობილი არ არის"._ თქვა ჩვენთან საუბრის დროს მანანა ვარდიაშვილმა.