მოუწესრიგებელი ქუჩები დღემდე ერთ-ერთ მოუგვარებელ პრობლემად რჩება ლანჩხუთში. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, აღნიშნული პრობლემა უფრო მეტად აქტუალური ხდება მოსახლეობისთვის, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას ითხოვენ ამ კუთხით და მათ წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებებსაც ახსენებენ.
როგორც ირკვევა, სანიაღვრე არხის არარსებობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გურიელის ქუჩის მცხოვრებლებისთვის, რომელთა თქმით, ძლიერი წვიმის დროს, მათი ეზოები იტბორება. ისინი ამბობენ, რომ სახლში ქვეწარმავალიც კი უნახავთ.
"გაუსაძლისი მდგომარეობა გვაქვს. როგორც კი გაწვიმდება, წყალი და ათასი უბედურება პირდაპირ სახლში შემოგვდის _ ქვეწარმავალიც კი ვნახეთ ოთახში. ჩვენი ქუჩის მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს სანიაღვრე არხი, მოსაწესრიგებელია კანალიზაციის სისტემაც, ძლიერი წვიმისას ფეკალური მასებით ივსება ეზოები. არაერთხელ დავაყენეთ ეს საკითხი ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე, მაგრამ, ჯერჯერობით, რეაგირება არ ჩანს. ვიღაცეების პირადი სიმპათია-ანტიპათიით არ უნდა ისაზღვრებოდეს ამა თუ იმ ქუჩის კეთილმოწყობა. არადა, წლების წინ, ე. წ. კომუნისტების ეპოქაში, ეს ქუჩა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო _ "გურიას" სტადიონზე მისასვლელად მაღალჩინოსნები, სწორედ, ამ ქუჩით სარგებლობდნენ. ადგილობრივი ხელმძღვანელობიდან იყვნენ მოსულები წინასაარჩევნოდ და დაგვპირდნენ, აუცილებლად გაგიკეთებთ გზასო, მაგრამ დღემდე არაფერი ჩანს. გარდა იმისა, რომ ჩვენს ქუჩაზეა გასაყვანი სანიღვრე არხები, მოსაწესრიგებელია რკინიგზის პირას გამავალი მთავარი არხიც, სადაც, მთელი ეს ნაწრეტი წყალი უნდა ჩადიოდეს, მაგრამ იქ ხეებია ამოსული და წყალი ვეღარ გადის", _ ამბობენ ამ ქუჩის მცხოვრებლები.
უგზოობა და სანიაღვრე არხების არარსებობა აწუხებთ წმინდა ნინოს მეორე შესახვევისა და ნათლისმცემლის ქუჩის მცხოვრებლებსაც:
"წლებია, ამ ქუჩებზე გზის საკითხით არავინ დაინტერესებულა. ქალაქში მცხოვრებლები კი გვქვია, მაგრამ ტალახში ვიხრჩობით. ასფალტს თუ არ დააგებენ, ის მაინც მოხერხდეს, რომ სანიაღვრე არხები გაიყვანონ, რომ უამინდობისას, წყლის გუბეებზე ხტუნვა არ მოგვიხდეს", _ ამბობენ ისინი.
წმინდა ნინოს ქუჩის ნაწილობრივი რეაბილიტაცია მიმდინარე წელს გახორციელდა და აქ სანიაღვრე არხები მოეწყო, მაგრამ ქუჩის შესახვევი, რომელსაც მართლაც დიდი დატვირთვა აქვს, ისევ მოსაწესრიგებელია.
ამ საკითხთან დაკავშირებით, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე ამბობდა, რომ "არასაკმარისი თანხების გამო, რაც, გარკვეულწილად, ლარის ინფლაციამაც განაპირობა, ვერ მოხერხდა წმინდა ნინოს ქუჩის სრულად რეაბილიტაცია. წმინდა ნინოსა და დუმბაძის ქუჩები ყველაზე დიდია ლანჩხუთის მასშტაბით და ხარჯთაღრიცხვის შედგენისას თანხები არასაკმარისი აღმოჩნდა. სანამ ჩიხებსა და შესახვევებშიც არ გავახორციელებთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მანამ მთავარ ქუჩაზე ასფალტი არ დაიგება".
მოუწესრიგებელი გზაა, ასევე, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეებისთვისაც, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლებისგან შიდა ეზოს მოწესრიგებას ითხოვენ:
"საცხოვრებელი სახლების შიდა ეზო სრულიად მოუწესრიგებელია. ვიცოდით, რომ 2015 წელს იგეგმებოდა მისი რეაბილიტაცია, მაგრამ აგერ წელი იწურება და დღემდე არაფერი ჩანს. სირცხვილი არაა, ქალაქის ცენტრში ასეთი მდგომარეობა იყოს?! გვეუბნებიან, პროექტი შედგენილია და გაკეთდებაო, მაგრამ როდის? ქაღალდზე დაწერილი პროექტი რაში გვარგია?!"
აღსანიშნავია, რომ ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შიდა ეზოს კეთილმოწყობა გათვალისწინებული იყო ქალაქის ცენტრის რეაბილიტაციის პროექტში, რომელიც, დაპირებისამებრ, ჯერ კიდევ ზაფხულში უნდა გახორციელებულიყო. საპროექტო ტენდერში გაიმარჯვა კიდეც ერთ-ერთმა კომპანიამ, მაგრამ სამუშაოები არ შეასრულა და საამისოდ ხელმეორე ტენდერი ჩატარდა. თუმცა, საბოლოოდ, თანხა არ ჩამოირიცხა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ პროექტი გარდამავალი გახდება და წელს დაწყებული საქმე მომავალი წლისთვის დასრულდება. თუმცა, საკრებულოს ბოლო სხდომაზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ განაცხადა, რომ "ვინაიდან დროში შეზღუდული ვართ, ჯობს აღნიშნული სამუშაოები 2016 წელს დაიწყოს".
გამგებლის ეს განცხადება თავისთავად იმის მანიშნებელია, რომ წელს ეს პროექტი არც დაიწყება და ფაქტობრივად, ჩავარდა.
რაც შეეხება გურიელის ქუჩას, ლევან ჩხაიძის თქმით, გამგეობაში შესულია მოსახლეობის მოთხოვნა სანიაღვრე არხების მოწყობის მიზნით, თუმცა, როდის დაკმაყოფილდება მათი განაცხადი, უცნობია.
"ამ ქუჩაზე გასაკეთებელია სანიაღვრე არხები და საკანალიზაციო სისტემა, რაც საკმაოდ რთული შესასრულებელია. ჯერჯერობით, ნამდვილად არ იგეგმება გურიელის ქუჩის რეაბილიტაცია", _ თქვა ჩხაიძემ.