"ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი" "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ჯერ გამოიგონა დროებითი მმართველის ინსტიტუტი და შემდგომ დაუდგინა მას უფლებამოსილებათა გაურკვეველი და გაუგებარი ფარგლები, მათ შორის სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
"5 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო განჩინება ქვეყანაში მიმდინარე გახმაურებულ დავაზე ტელეკომპანია "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით.
სასამართლოს განჩინებით, ფაქტობრივად, უგულებელყოფილია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამავე საქმესთან დაკავშირებით და, რეალურად, იმავე მოსამართლის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არის მიქცეული, კანონიერ ძალაში შესვლის და გასაჩივრების უფლების დარღვევით.
სასამართლომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ჯერ გამოიგონა დროებითი მმართველის ინსტიტუტი და შემდგომ დაუდგინა მას უფლებამოსილებათა გაურკვეველი და გაუგებარი ფარგლები, მათ შორის სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
ამ გადაწყვეტილებით, მისი მიღების დაჩქარებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფით, მყისიერი აღსრულების მცდელობით დასტურდება, რომ დავა "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით არაა უბრალოდ დავა ორ მესაკუთრეს შორის და ერთ-ერთი მხარის უკან დგას ხელისუფლება.
მედიის წინააღმდეგ მსგავსი ქმედებები ქმნის საფრთხეს კონსტიტუციური წესრიგისთვის და აჩენს მნიშვნელოვან ბარიერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე", _ აღნიშნულია "გირჩის" გაცხადებაში.
"ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი" აცხადებს, რომ პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სასამართლოს გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივი აღსრულება ხელს უწყობს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას და მოუწოდებს ხელისუფლებას, უარი თქვას მოსამართლე ურთმელიძის განჩინებების აღსრულებაზე, მისცეს საშუალება მხარეებს, გააგრძელონ დავა ზემდგომ ინსტანციებში. ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გადარჩეს "რუსთავი-2", როგორც კრიტიკულად განწყობილი მაუწყებელი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მოსწონს მისი სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლებას ან პოლიტიკურ სპექტრს.