"თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" ინფორმაციით, ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები ღირსების შემლახავ პირობებში ცხოვრობენ.
"თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" იცავს ქეთევან წამებულის №71- ში მცხოვრებ ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების უფლებებს და აცხადებს, რომ მოსახლეობა ცხოვრობს არაადამიანურ და ღირსების შემლახავ პირობებში, მათ არ აქვთ სიცოცხლისთვის საჭირო ელემენტარული პირობები. შენობა არის ავარიული, საცხოვრებელს არ აქვს დენი, წყალი, გაზი და ასევე კანალიზაცია.
"1993-2005 წლებიდან თბილისში ქეთევან წამებულის №71-ში, თავდაცვის სამინისტროს მიერ სიტყვიერი შესახლების საფუძველზე, ცხოვრობენ ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები. შესახლების პერიოდში შენობა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა. ეკონომიკის სამინისტრო ქეთევან წამებულის №71-ში შესახლებულთა ბედით არ დაინტერესებულა, მაშინ, როცა მთლიანი ტერიტორია 2008 წელს 22 მილიონ ლარად გაყიდა სააქციო საზოგადოება "რეალ ინვესტზე".
მოსახლეობის განცხადებით, "რეალ ინვესტის" თანამშრომლები არ აძლევენ ნებართვას, რომ შენობაში შეიყვანონ დენი, გაზი, წყალი და დაამონტაჟონ კანალიზაციის მილები. მოსახლეობისვე თქმით, მათ ასევე არ აძლევენ უფლებას, ჩაატარონ შენობის გამაგრებითი ან სარემონტო სამუშაოები.
ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების ამ პირობებში ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მიერ აღიარებულ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ამიტომ "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, დაინტერესდნენ ქეთევან წამებულის #71-ში მცხოვრები ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების მდგომარეობით, ასევე, მათი პრობლემების მოგვარების მიზნით, ყველა საჭირო ღონისძიება გატარდეს", _ აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
"გურია ნიუსი" ვეტერნების საქმეთა სახელწიფო სამსახურს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ ქეთევან წამებულის №71- ში მცხოვრებ ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანებს უწყების ხელმძღვანელი პირები ორშაბათს შეხვდებიან.