FactCheck.ge პოლიტიკოსების და საჯარო პერსონების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა მოამზადა.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტატია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხებოდა.
28 ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსის ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევაში 189 ქვეყნის ბიზნესგარემოა შეფასებული და ის 2015 წლის მდგომარეობას ასახავს. ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა, წინა წელს კი ჩვენი ქვეყანა მე-15 ადგილზე იყო.
ამ საკითხის კომენტირებისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მე-15 ადგილიდან 24-ე ადგილზე გადანაცვლება მეთოდოლოგიურმა ცვლილებებმა განაპირობეს. სხვა შემთხვევაში, საქართველოს რეიტინგი არ გაუარესდებოდა.
2005-2012 წლებში ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში საქართველოს სწრაფი წინსვლა ჰქონდა. 2005 წელს ქვეყანა მე-100 ადგილზე, ხოლო 2012 წლისთვის კი მე-9 ადგილზე იყო. 2015-2016 წლების ანგარიშის მიხედვით, საქართველო რეიტინგში 24-ე ადგილზეა. მართალია, რეფორმების ტემპის შენელების გამო საქართველოს რეიტინგში წინ აღარ წაუწევია, თუმცა, რეიტინგში ჩვენი ქვეყნის პოზიციის გაუარესება მართლაც მეთოდოლოგიის ცვლილებამ განაპირობა.
შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მეტწილად სიმართლეა.
გასულ კვირას, იგივე საკითხზე, ფაქტ-მეტრმა ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებაც გადაამოწმა. მისი თქმით, ბიზნესის კეთების გაიოლების მიზნით რეფორმები მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში გატარდა, თუმცა ორი და მეტი რეფორმა მხოლოდ 18 ქვეყანაში განხორციელდა და საქართველო ამ 18 ქვეყანაშია.
ფაქტ-მეტრის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველომ ნამდვილად ორი რეფორმა განახორციელა, თუმცა 2 რეფორმა განახორციელა ასევე სხვა 36-მა ქვეყანამაც, ხოლო 2-ზე მეტი რეფორმა 26-მა ქვეყანამ გაატარა.
შესაბამისად, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება მეტწილად მცდარად შეფასდა.
ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხებოდა.
ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა იყო 0.1% და ეს მაჩვენებელი ახალი ხელისუფლების პირობებში გაიზარდა. გიგა ბოკერიას განცხადებით, "დიდი ტყუილია, თითქოს გამამართლებელი განაჩენების რიცხვი გაიზარდა, ეს არის სიცრუე, შეგიძლიათ იხილოთ უზენაესი სასამართლოს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, პირიქით შემცირდა გამამართლებელი განაჩენები". მისივე თქმით, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 2011, 2012 და 2013 წლებთან შედარებით შემცირებულია და 2014 წლის მონაცემებით, გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი 1.5%-ს შეადგენდა.
2014 წელს სასამართლოს მიერ არსებითად განხილული საქმეებიდან გამამართლებელი განაჩენების (4 655) პროცენტული წილი 1.6% იყო. აღნიშნული მონაცემები მართლაც ჩამორჩება 2013, 2012 და 2011 წლების მაჩვენებლებს. აქვე აღსანიშნავია, რომ გიგა ბოკერია გამამართლებელ განაჩენებზე საუბრისას მხოლოდ 2011-2014 წლის მონაცემებზე საუბრობს და ყურადღებას აღარ ამახვილებს 2015 წლის 9 თვის მონაცემებზე. 2015 წლის 9 თვის მონაცემებით, გამამართლებელი განაჩენების პროცენტულმა მაჩვენებელმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.6%-ით მოიმატა და 2.3% შეადგინა. თავის განცხადებაში, ეკა ბესელიამ ყველაზე დაბალ მონაცემზე (0.1%) მიუთითა და არაფერი თქვა 2011-2012 წლებზე, როდესაც გამამართლებელი განაჩენების პროცენტული მაჩვენებელი ჯერ 2.5, შემდეგ 7.8%-მდე გაიზარდა. ამასთან, მან გვერდი აუარა ბოლო წლებში გამამართლებელი განაჩენების კლების ტენდენციას.
გიგა ბოკერიას განცხადება მეტწილად სიმართლედ შეფასდა.
გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი აბესაძის განცხადებაც გადაამოწმა. აბესაძემ მერიის თანამშრომლები უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. მან ამ კონტექსტში, ზაჰესის ხიდის რეაბილიტაციაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მასზე დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა, მერიამ კი მას ავანსად ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 40% უკვე გადაუხადა: "თბილისის მერია დღეს ვერ ახერხებს ვერც სამუშაოების შესრულებას და ვერც ბიუჯეტში ამ თანხის დაბრუნებას. გადახდილი 1 790 000 ლარიდან, რაც ჩვენ დოკუმენტურად დადასტურებული გვაქვს, კომპანიამ ჯერჯერობით 100 000 ლარის სამუშაო შეასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი 1 670 000 ლარი არის მოსაძებნი და ბიუჯეტში დასაბრუნებელი".
2014 წლის 31 დეკემბერს თბილისის მერიასა და შპს "სამშენებლო კომერციულ კორპორაცია ხიდს" შორის ზაჰესის დასახლებასთან არსებული სარკინიგზო გზაგამტარის და ხიდი-აკვედუკის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება 4 462 000 ლარი იყო. 2015 წელს შპს "ხიდმა" ავანსის სახით 1 784 800 ლარი მიიღო (ხელშეკრულების ღირებულების 40%), თუმცა მხოლოდ 384 885 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა (ირაკლი აბესაძე განცხადებაში სხვა რიცხვს ასახელებს, თუმცა ჩვენთან საუბარში მან განგვიმარტა, რომ სიუჟეტი 3 ოქტომბერს არის ჩაწერილი. იმ მომენტისთვის მხოლოდ 100 000 ლარის სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ჰქონდა და სრული დოკუმენტაცია მან მხოლოდ 7 ოქტომბერს მიიღო). მერიის ინფორმაციით, შპს "ხიდთან", სამუშაოების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულება გაუქმდა. რაც შეეხება ავანსად გაცემული თანხას აუთვისებელ ნაწილს, ნებისმიერ შემთხვევაში ის ბანკის გარანტიითაა დაცული და ბიუჯეტმა აღნიშნული თანხა არ უნდა დაკარგოს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი აბესაძის განცხადება მეტწილად სიმართლეა", _ აღნიშნულია FactCheck.ge-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ FactCheck.ge მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია: სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი, ტყუილი.