საქართველოში აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლიდან მოქმედებს. წელს პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რაც მთავრობის მიერ სუბსიდირებას ეხება. 2015 წელს საპილოტე პროგრამა 10 მილიონ ლარს შეადგენს და მასში მონაწილეობს ის ექვსი სადაზღვევო კომპანია, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული.
გურიის რეგიონში გასულ წელს არაერთმა ოჯახმა დააზღვია მანდარინის ნაკვეთი, თუმცა ბევრი იყო, როგორც კმაყოფილი, ისე უკმაყოფილოც.
"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელს ეწვია, ასევე, დავუკავშირდით იმ ფერმერებს, რომლებსაც მანდარინის მრავალტონიანი მოსავლის მქონე პლანტაციები აქვთ და მისვლა ვერ მოხერხდა.
სოფელ ქაქუთის მკვიდრი, ფერმერი სოსო ხინთიბიძე, რომელსაც, როგორც ვაზის, ისე მანდარინის ვრცელი ნარგავები აქვს, გვეუბნება, რომ გასულ წელს, იმდენად გაუხარდა, დაუფიქრებლად ჩაერთო აგროდაზღვევის პროგრამაში. თუმცა, საბოლოოდ დასჯილი აღმოჩნდა, როგორც ბუნებისგან (მისი ციტრუსოვანთა პლანტაცია სეტყვამ დააზიანა), ისე სადაზღვევო კომპანიისგან.
_ ვერ გეტყვით, რომ არ მომწონს სადაზღვევო სისტემა, თუმცა, შარშანდელი ზარალის შემდეგ, წელს ნამდვილად უარი ვთქვი, ჩემს საკარმიდამოში მოსავალი დამეზღვია. არადა, ყურძნის და მანდარინის დიდ მოსავალს ვიწევ. ყოფილა წლები, როცა სეტყვამ არათუ მანდარინი, ყურძენიც გამიფუჭა. განსაკუთრებით ისეთი ჯიშები, რომლებიც გვიან იკრიფება. ძალიან გამიხარდა დაზღვევის პროგრამის ამოქმედება და ბედი ვცადე. ეს იყო შარშან. მოხდა ისე, რომ მართლაც მოვიდა სეტყვა, თითქოს, ბუნებამ დაზღვევის დაწყების პირველსავე წელს გამოგვცადა. გაფრთხილებული ვიყავი, რომ 24 საათის განმავლობაში უნდა დამერეკა ცხელ ხაზზე და ასე მოვიქეცი. მერე მოითხოვეს, რომ უნდა ჩავსულიყავი ბათუმში, ასევე, დროის მცირე მონაკვეთში, რაც ვერ მოვახერხე. ამასთანავე, 10 დეკემბრის 12 საათამდე თუ მოყინა, თორემ მერე მანდარინის კაკალი რომ არ შერჩეს ხეს, არაფერს აგინაზღაურებენ. რატომ არ შეიძლება 20 დეკემბრამდე გადაიწიო ეს ვადა? ჩვენში ხშირად ან ვერ ასწრებენ ან ამინდი არ უწყობს ხელს, კარგად დამწიფდეს ნაყოფი და მოგვიანებითაც კრეფენ. ეს სისტემაა დასახვეწი, თორემ დაზღვევა, თავისთავად, ძალიან კარგია. წელს ჩემი ბაღის დაზღვევაზე, სწორედ ამ მიზეზით ვთქვი უარი. ბუნება რომ მსჯის, სადაზღვევო სისტემის გაუმართაობით თუ სამთავრობო დადგენილებითაც უნდა დამსაჯონ? _ გვითხრა სოსო ხინთიბიძემ.
ამავე სოფლის მკვიდრი ანზორ შათირიშვილი აგროდაზღვევის პროგრამის ამოქმედებით კმაყოფილია და ამბობს, რომ გასულ წელს მისი მანდარინის მოსავალი სეტყვამ თითქმის მთლიანად გააფუჭა. რაც მოკრიფა, მხოლოდ 600 ლარი აიღო, გაყიდვის შემდეგ. დაზღვევის პროგრამით კი ზარალი 800 ლარით აუნაზღაურეს.
სოფელ ჭანიეთში "ჯი პი აი ჰოლდინგის" წარმომადგენელი დავით მჟავანაძე ამბობს, რომ შესაბამისი აგროდაზღვევის პროგრამაში სოფლის 70 ოჯახი ჩაერთო.
_ ჩვენთან სხვა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებიც არიან შემოსული. ძირითადად, მოსახლეობა კმაყოფილია და ნელ-ნელა ითავისებს, რომ დაზღვევა აუცილებელია. წელს ორჯერ მეტი ჩაერთო ამ პროგრამაში. თუმცა, არის წინადადებები, საყვედურებიც, რომ ცხელ ხაზზე შეტყობინების 24-სათიანი ვადა და ასევე, დაზღვევის მოქმედების დრო 10 დეკემბრიდან 15-მდე მაინც გადაიწიოს, _ გვითხრა მან და დასძინა, რომ დიდი დახმარება იქნება ფერმერთათვის, თუ ამ თემაზე მედია აქტიურად იმუშავებს, რადგან მაღალია ინტერესი. დაინტერესება კი გამოწვეულია იმით, რომ უკანასკნელ წლებში არამდგრადი კლიმატური ცვლილებების უსიამო ფაქტის წინაშე ხშირად ვდგებით, _ გვითხრა მჟავანაძემ.
აგროდაზღვევის პროგრამის ამოქმედებით კმაყოფილია სოფელ მერიის მკვიდრი ვახტანგ ბაქანიძე, რომელიც სეზონზე 15-ტონამდე მოსავალს იღებს. გასულ წელს ზარალი აუნაზღაურეს და შენიშვნა აქვს იმ კუთხით, რომ სეზონზე დაზღვევის ვადა 20 დეკემბრამდე გადაიწიოს.
სოფელ ლიხაურის მკვიდრი გია ჩხატარაშვილი აგროდაზღვევის პროგრამას უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებივ საქმედ მიიჩნევს.
_ 25 ტონა მანდარინს ვკრეფ სეზონზე. აგროდაზღვევა შესანიშნავი საშუალებაა გლეხისთვის, სახელმწიფომ ამით ფერმერი გაახარა, მაგრამ დაზღვევის მოქმედების ვადის გადაწევა სასურველი კი არა, აუცილებლად საჭიროა. ვფიქრობ, სისტემა ახლა ამუშავდა და, ალბათ, დაიხვეწება. კარგია თუ ხმას მიიტანთ შესაბამის უწყებებთან. ათეულობით ფერმერია ამ აზრზე, რადგან ჩვენთან კრეფა გვიან იწყება. ვისაც მრავალტონიანი ბაღი აქვს, ისედაც ვერ ასწრებს მოკრეფას. სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებიც კრეფის სეზონზე უნდა გააქტიურდნენ, ვიდრე გლეხი აბსოლუტურად ინფორმირებული არ იქნება, მასთან ხშირი კომუნიკაცია უნდა ექნეთ, _ თქვა ჩხატარაშვილმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების შემოვლისას ჩვენ ვნახეთ, რომ წელს მანდარინის მოსავალს, როგორ გურულები იტყვიან, კარგი პირი უჩანს. გასაღების ბაზრის მოლოდინიც უფრო იმედიანია, ვიდრე გასულ წელს _ სოფელ ნატანებში გახსნილია სუბტროპიკული ხილის დამამზადებელი ქარხანა, სადაც მოსახლეობას მანდარინის სასურველი რაოდენობით მიღებას ჰპირდებიან. რა თქმა უნდა, ხარისხიან მანდარინზეა საუბარი.
ჩვენ დავუკავშირდით ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის "ჯი პი აი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, თინათინ ტაბლიაშვილს და ვკითხეთ, შესაძლებელია თუ არა აგროდაზღვევის მოქმედების ვადის კიდევ 10 დღით გახანგრძლივება, დაახლოებით, 20 დეკემბრამდე, რადგან უკვე ასეულობით ოჯახი ითხოვს ამას.
_ ყველას თავისი მოსაზრება აქვს. რაც მთავარია, სისტემა არის აწყობილი და ფერმერს ყველანაირი საშუალება აქვს, ჩაერთოს აგროდაზღვევის პროგრამაში. რაც შეეხება ვადის გადაწევას, მითითებული რიცხვი მთავრობის დადგენილებითაა გადაწყვეტილი. ეს არის პირობა და თქვენ შეგიძლიათ, მიმართოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, _ გვითხრა მან.
თავის მხივ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსკენ მიგვითითეს, სადაც ასეთი განმარტება მოგვცეს.
_ აგროდაზღვევის ვადა 10 დეკემბრამდე არ სრულდება. საუბარია მხოლოდ ერთ კომპონენტზე, საშემოდგომო ყინვაზე. მაგალითად, თუ 11 დეკემბერს და შემდეგ მოვიდა სეტყვა, ზარალი ანაზღაურდება. ჩვენ ვართ ინფორმირებული ამ საკითხზე და გმადლობთ, რომ თქვენც აქტიურობთ.
_ ესე იგი, თუ 10 დეკემბრამდე საშემოდგომო ყინვამ მანდარინი დააზიანა, აუნაზღაურებენ ფერმერს, 11 დეკემბერს კი მხოლოდ სეტყვით მიყენებული ზარალი ანაზღაურდება, მოყინული კი _ არა?
_ დღეის მდგომარეობით ასეა, თუმცა, ჩვენ ვამუშავებთ ამ საკითხს და უფრო სიღრმისეული პასუხი მომავალ კვირაში გვექნება. მომავალი წლისთვის კი, რა თქმა უნდა, იქნება მეტი პოზიტიური გადაწყვეტილება, რაც ფერმერს ყოველმხრივ დაეხმარება, _ გვითხრა მარკეტინგის მენეჯერმა.