საქართველოს საჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს ამერიკული მხარე დადებითად აფასებს. აღნიშნულ სფეროში არსებული მიღწევების შესახებ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შესახებ ერთობლივ განცხადებაშიც არის ხაზგასმული.
ჯგუფის შეხვედრა 12 ნოემბერს, ვაშინგტონში გაიმართა და მას ქართული მხრიდან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან კი, შეხვედრაში სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი მონაწილეობდა. შეხვედრის ფარგლებში თბილისში, 2014 წელს გამართულ შეხვედრაზე განსაზღვრული მიზნების განხორციელებაში მიღწეული პროგრესი განიხილეს.
"ჩვენს ამერიკელ კოლეგებს დეტალურად გავაცანით მიმდინარე რეფორმა და პენიტენციური დეპარტამენტის სამომავლო განვითარების ხედვა. ყურადღება გამახვილდა რისკების შეფასების საკითხზე, ასევე, პენიტენციური დაწესებულებების კატეგორიებად დაყოფაზე, საუბარია – დაბალი რისკის, ნახევრად ღია, დახურული და მაღალი რისკის დაწესებულებებზე", – განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
მისი თქმით, განსაკუთრებით აღინიშნა პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები. ხაზი გაესვა იმას, რომ 2012 წლიდან პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტი გაორმაგდა, ასევე, მსჯავრდებულებისთვის C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამის განხორციელების მნიშვნელობას.
"პოზიტიური კუთხით აღინიშნა ის საკითხიც, რომ 2016 წლის 1 სექტემბერიდან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს პენიტენციურ დაწესებულებაში ფოტოგადაღების უფლება ენიჭებათ, მნიშვნელოვანია ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით შინაპატიმრობის საპილოტე პროგრამის ამოქმედებაც, რომელიც საწყის ეტაპზე არასრულწლოვან მსჯავრდებულებს შეეხებათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმა ამერიკელმა კოლეგებმა დადებითად შეაფასეს. პენიტენციური სისტემის განვითარების კუთხით ჩვენი და მათი ხედვა ერთმანეთს ემთხვევა, რაც აღსანიშნავი და წინგადადგმული ნაბიჯია", – განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სისტემის მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობის და პირობების გაუმჯობესება, ასევე, სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოებაა. ამ მიმართულებით რეფორმის ფარგლებში მრავალი ცვლილება განხორციელდა და სამომავლოდაც იგეგმება. აღნიშნულ პროცესში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მოსაზრებებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
(R)