რამდენიმე დღის წინ შევხვდი ადამიანს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო გარკვეული პერიოდი ავღანეთში იმსახურა. ისეთ საოცრებებს ჰყვებოდა იმაზე, თუ როგორია სინამდვილეში შიგნიდან დანახული ეს მუსლიმანური ქვეყანა, რომელიც რა ხანია, ზესახელმწიფოებმა ნამდვილ საომარ ველად აქციეს, გადავწყვიტე, რომ ამის მოსმენა სხვებისთვისაც საინტერესო იქნებოდა. ეს ხომ შეულამაზებელი სინამდვილეა…
_ რა შეგიძლიათ გვიამბოთ ავღანეთზე, ქვეყანაზე, რომლის შესახებაც ხშირად წერენ, ძირითადად იქ მოხვედრილი უცხოელი ჟურნალისტები. მაგალითად, ვიცით, რომ ჰეროინით არიან გაბრუებული ბავშვობიდან, განათლების დაბალი დონეა…
_ მე რასაც ვხედავდი ამ წლების განმავლობაში, შემიძლია გითხრათ, რომ თავად ავღანელების სიცოცხლის საშუალო ასაკი დაახლოებით 45 წელია. 35-36 წლის ქალები რომ ნახოთ, შეიძლება შეგეშინდეთ – ჯაფისგან არიან დაბერებულები, დანაოჭებულები. მოგეხსენებათ, იქ წყალი არ მოიპოვება, მხოლოდ ქიმიური ხსნარებით დამუშავებული სითხე მიეწოდებათ და ფაქტობრივად თავის მოვლის საშუალებებზე, ვიზუალზე, ჰიგიენაზე ლაპარაკიც ზედმეტია. რაღაც ცხოველური ცხიმებით, ქონით იმუშავებენ სხეულს. მამაკაცებიც ასე არიან, საშინლად გამოიყურებიან. თუმცა მინდა გითხრათ, რაც შევნიშნე და რამაც გამაოცა, ყველა ავღანელს, ვინც მე მინახავს, და ცოტა არ მინახავს, ჰქონდა გადასარევი კბილები და თმა.
რაც შეეხება ნარკოტიკს, ბევრმა იცის, რომ ეს მათი შემოსავლის წყაროა, ყველას აქვს ნარკოტიკის გარკვეული რაოდენობის ჯიბით ტარების და ასევე მოყვანის უფლება. თუ დაკვირვებული ხართ, იქ ტერორისტული აქტებიც ხშირად უკავშირდება სწორედ ჰეროინის მოსავლის აღებას… მათ აქვთ უფლება, დაიტოვონ სახლში, რომ მთელი წელი მოიხმარონ. მუდმივად არიან ამ ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ეს უცვლით საჭმელს, სასმელს, გართობას და ზოგადად ცხოვრებას. იმას, რაც არ აქვთ რეალურად.
_ ქალებზე რას იტყვით?
_ ეს ძალიან მძიმე თემაა. ვიცნობდი ერთ ქალს, რომელიც 38 წლის იყო, ჰყავდა 5 შვილი და იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახი მრავალსულიანი გახლდათ, იძულებული იყო სტერეოტიპები დაემსხვრია და გასულიყო სამუშაოდ მამაკაცებთან ერთად სასადილოში, რათა ეზრუნა საკუთარი შვილების განათლებასა და აღზრდაზე.
ეს წარმოუდგენელი ფაქტი იყო, იქ არ შეიძლება ქალი სადმე მუშაობდეს, სახლის გარეთ და მით უმეტეს იქ, სადაც მამაკაცების გარემოცვაა. ცოტა სასაუბრო ენა ვისწავლე, მან ცოტა ფრანგული იცოდა და ვსაუბრობდით ხოლმე. საშინელ რამეებს მიყვებოდა.
მიდგომაა ზოგადად საშინელი. ქალს უყურებენ, როგორც მხოლოდ გამრავლების საშუალებას. მამაკაცების დიდი ნაწილი მამათმავალია, სიყვარულზე ლაპარაკობენ მამაკაცებთან მიმართებაში, ქალი კი მათთვის გამრავლების საშუალებაა. შეიძლება, ძალიან ლამაზ ქალში კაცმა გადაიხადოს 20 ცხვარი და რადგან მისი (ქალის) ღირებულება შეადგენს საკმაოდ სოლიდურ თანხას, ქალი ვალდებულია, თავისი შრომით გამოისყიდოს მასში გადახდილი საფასური. სანამ თავისი შრომით არ გამოისყიდის, მანამდე ის მონაა. დღე და ღამე მუშაობს. რომ გამოისყიდოს, მერე შეიძლება აღიარონ პიროვნებად, რომელსაც ვალი არ აქვს.
_ თვითონ თუ ამბობენ რამეს თავიანთ ამ მძიმე მდგომარეობაზე, რომ რა ხანია, თავად ვეღარ წყვეტენ საკუთარი ქვეყნის ბედს და სხვა ქვეყნების სათარეშოდ იქცნენ…
_ რასაკვირველია, საუბრობენ ამაზე. მართალია, თვითონ ავღანეთი არასდროს ყოფილა ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, დაბალ დონეზე იდგა ყოველთვის, თუმცა თავის დროზე თავად მართავდნენ თავიანთ ბედს და არავინ ერეოდა მათ საშინაო თუ საგარეო გადაწყვეტილებებში, არც ცხოვრების წესში. დღეს ამდენი ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების შესვლამ მათ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ უფრო დაჩაგრა და დააჩაჩანაკა.
თითქმის 18 ქვეყნის წარმომადგენლობაა განლაგებული სხვადასხვა სამხედრო ბაზაზე და ყველას შეაქვს რაღაც შენიშვნები, საკუთარი აზრები მათი ცხოვრების წესზე, ყველას მიაჩნია თავი ვალდებულად, რომ რაღაც შეცვალოს… არავისთვის არის დამალული ის ფაქტი, რომ მთელ მსოფლიოს გააჩნია ინტერესები ავღანეთის მიმართ. ავღანეთის ნარკოტიკით მარაგდება მთელი ფარმაცევტული კომპანიები, მაფიაზე აღარაფერს ვამბობ. ასევე მოიპოვება დიდი რაოდენობით ძვირფასი ქვები. დღეში 3-4 მთა ფეთქდებოდა ჩემ თვალწინ. გაიხედავდი, იყო მთა-გორები, გაიხედავდი და აღარ იყო. აქტიურად მოიპოვება ძვირფასი ქვები და ქვეყანა პრაქტიკულად, გადაიქცა ძლიერთა ამ ქვეყნისათა სათარეშოდ და გავლენის ობიექტების გადანაწილების ადგილად – იქ ერთმანეთს ებრძვიან ნარკოტიკის მარაგისთვის, ძვირფასი ქვებისთვის…
_ ავღანეთში აქვთ პატარა ბიჭების სექსმონებად და მეძავებად ქცევის ტრადიციაც. ამაზე თუ იცით რამე? და ზოგადად, ბავშვებთან როგორი დამოკიდებულება აქვთ? როგორ ზრდიან?
_ სიმართლე გითხრათ, ამაზე დეტალურად არ მსმენია, თუმცა მენტალობიდან გამომდინარე გასაკვირი და უარსაყოფიც არაფერია. სადაც მე ვმუშაობდი, იქ დამლაგებლებად და ინფრასტუქტურის მუშაკებად დაკავებულნი იყვნენ არასრულწლოვანი ბიჭები (14, 15, 16 წლის). მათ ყოველდღიურ საქციელს თუ დააკვირდებოდით, აშკარა ინტერესს გამოხატავდნენ სხვადასხვა ეროვნების მამაკაცების მიმართ.
ბავშვის აღზრდისათვის, მოგეხსენებათ, უამრავი ძალისხმევაა საჭირო, იქ, კი ელემენტარულად, სწავლა-განათლების მიღებაც კი არ არის შესაძლებელი ყველასთვის. ხშირად ბავშვები მშივრები და მოუვლელები არიან.
_ თქვენი გადმოსახედიდან, ვინც რეალურად იყო ამ სამყაროში, საინტერესოა, თავად ეს ეს ხალხი, უფრო ტერორისტია თუ მსხვერპლი?
_ ამ კითხვაზე არ მინდა ვრცელი პასუხი, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს ხალხი არის მსხვერპლი. ტერორიზმიც იგივე "მაფიაა" და ამით ისევ სხვა მხრივ დაინტერესებული ხალხი "ითბობს" ხელს, მაგრამ ზოგადად იმ ქვეყნის ჩვეულებრივნი მაცხოვრებელნი, ვისზეც მეკითხებით, არიან უუფლებო მსხვრეპლნი სრულიად მსოფლიოსი.
მინდა დავამატო… ავღანელები ძალიან კეთილგანწყობილნი არიან ქართველების მიმართ, რადგან ყოველთვის კარგად და თბილად ვექცეოდით ჩვენ, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან განსხვავებით. მათ ბევრი რამ იციან ჩვენს შესახებ, ოცბებობენ საქართველოში ჩამოსვლაზე.
ავღანეთში არის სოფელი ყანდაღარი, რომელიც ერთ დროს მხოლოდ ქართველებით იყო დასახლებული და თუ შეხვდებით ამ სოფლის მცხოვრებს, ის აუცილებლად გეტყვით, რომ "გურჯისტანის" შთამომავალია.
მარიამ ლაღიძე
წყარო: mshoblebi.ge