2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი განიხილეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს 2015 წლის ბიუჯეტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გააცნო. „2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების შესახებ“ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრება 9 745.0 მლნ ლარით.
საგადასახადო შემოსავლების გეგმა იზრდება 120.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 7 520.0 მლნ ლარით. აღნიშნული პროგნოზი ეფუძნება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ფაქტიური მონაცემებიდან გამომდინარე, წლიური პროგნოზის 2%- დან 2.8%-მდე ზრდასა და საგადასახადო შემოსავლების შესრულების დინამიკას.
_ „2015 წლის ივლისში ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შემდგომ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაიგეგმა 2%-ის ოდენობით და საგადასახადო მაჩვენებლების გადაანგარიშება მოხდა ამ მაჩვენებელზე. ათი თვის მონაცემებით იკვეთება, რომ საგადასახადო შემოსავლები გვექნება გადაჭარბებით და წარმოდგენილი ცვლილებით საგადასახადო შემოსავლების გეგმა იზრდება 120 მილიონი ლარით", _ განაცხადა გიორგი კაკურიძემ.
მინისტრის მოადგილემ სხვა ცვლილებების შესახებაც ისაუბრა. მისი განმარტებით: სხვა შემოსავლები შემცირდა 5 მილიონი ლარით; გრანტები – 17 მილიონი ლარით; სახელმწიფო ვალების ნაწილი დაგეგმილი შემოსავლების ნაწილში – 293 მილიონი ლარით.
გიორგი კაკაურუძის განცხადებით, წლის ბოლომდე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით, 15.0 მლნ ლარით იზრდება საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი. აღნიშნული თანხიდან 7.0 მლნ ლარი გადაეცემა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ჩემპიონატებში მიღწეული შედეგების მიხედვით სპორტსმენთა დაჯილდოებისთვის.
გიორგი კაკაურიძემ საბიუჯეტო ცვლილებებზეც წარმოადგინა ინფორმაცია და ყურადღება იმ სამინისტროებსა და პროგრამებზე გაამახვილა, სადაც დაფინანსების ცვლილებები ხორციელდება.
წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისათვის“ დამატებით გამოეყოფა 96 მილიონი ლარი. ცვლილებები შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს: 4 მილიონი ლარის დამატება ხდება ლიზინგის პროგრამისთვის და 9 მილიონი ლარით მცირდება მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ირიგაციისა და დრენაჟის პროექტი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება მცირდება 76 მილიონი ლარით. მინისტრის მოადგილემ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც მოხდა სამინისტროების დაფინანსების შემცირება.
„ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება 30 მილიონი ლარით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის დეფიციტი რჩება უცვლელი 3%-ის ფარგლებში“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
დეპუტატების რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პროექტების თობაზე, რომლებსაც დაფინანსების შემცირება შეეხო.
თენგიზ შერგელაშვილი: „აქ არის ძირითადად, საგზაო დეპარტამენტის სამუშაოები, ნაწილობრივ მუნიციპალური განვითარების ფონდის, წყლის გაერთიანებული კომპანიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის. ძირითადი პრობლემები დაკავშირებულია იმასთან, რომ არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლითაც პროცედურებია გათვალისწინებული და ამ პროცედურების ცვლილებები მოითხოვს დამატებით შეთანხმებებს.“
თენგიზ შერგელაშვილმა ისაუბრა ასევე კომპანიებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რაც შედეგად შეფერხებებს იწვევს.
„მინდა ვთქვა, რომ 76 მილიონში არ არის არცერთი ისეთი პროექტი, რომელიც საერთოდ მოიხსნა დღის წესრიგიდან, ყველა პროექტი ხორციელდება, უბრალოდ, კორექტირებულია ზოგიერთი პროექტის წლევანდელი შესრულება“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატების მიერ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს გაერთიანებული წყალმომარეგების კომპანიის, საგზაო დეპარტამენტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა უპასუხეს.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.