საქართველოს მთავრობა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამას იწყებს. ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა – „ქართული ჩაი“, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მოამზადა.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბალანსზე არსებული 7 ათას ჰექტრამდე ჩაის პლანტაციების ეტაპობრივი რეაბილიტაცია იგეგმება.
სახელმწიფო ასევე განახორციელებს ჩაის გადამამუშავებელი მცირე საწარმოების ხელშეწყობის პროგრამას და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, დაიგეგმება სერთიფიცირების პროგრამები და განხორციელდება ყველა შესაბამისი ღონისძიება, რომელიც საჭიროა პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტისთვის.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, პროგრამის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს: საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და ჩაის წარმოების ხელშეწყობა; არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია (როგორც კერძო საკუთრებაში, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პლანტაციები); მაღალი ხარისხის ჩაის, მათ შორის ბიო ჩაის, წარმოების ხელშეწყობა; საქართველოში წარმოებული ჩაის საექპორტო პოტენციალის გაზრდა; მოსახლეობის დასაქმება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნა.
პროგრამა იყოფა ორ კომპონენტად: კერძო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია და ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნა; სახელმწიფოსგან იჯარით აღებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია და ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნა.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ იურიდიულ პირებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მონაწილეობს კოოპერატივი, მას უნდა გააჩნდეს სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება ერთ ჰა-ზე გადაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 2 500 ლარს (დღგ-ს ჩათვლით). იმ შემთხვევაში, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით აღემატება 2 500 ლარს, თანადაფინანსების მოცულობის დადგენა განხორციელდება 2 500 ლარიდან გამომდინარე.
კერძო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პირობებია: თანადაფინანსება იურიდიული პირებისათვის შეადგენს რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 60% (დღგ -ს ჩათვლით); თანადაფინანსება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის შეადგენს რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 80% (დღგ -ს ჩათვლით) და დამატებით გასხვლის შემდგომ პირველივე წელს შესატანი სასუქების ღირებულების 50% (დღგ -ს ჩათვლით);
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პირობებია: თანადაფინანსება იურიდიული პირებისათვის შეადგენს რეაბილიტაციის ღირებულების 70% (დღგ -ს ჩათვლით); თანადაფინანსება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის შეადგენს რეაბილიტაციის ღირებულების 90% (დღგ -ს ჩათვლით) და დამატებით გასხვლის შემდგომ პირველივე წელს შესატანი სასუქების 50% (დღგ-ს ჩათვლით).
კოოპერაციის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, პროექტში მონაწილე კოოპერატივები ასევე დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ ჩაის პირველადი დამუშავებისათვის საწარმოო მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს.
პროგრამის ბენეფიციარებისათვის განხორცილდება ტექნიკური დახმარება, რომელიც ითვალისწინებს დახმარებას: ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიებში, მარკეტინგში, რეალიზაციის არხების შექმნაში;
სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებს განახორციელებს წინასწარ შერჩეული რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანიებიდან ერთ-ერთი.
რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანიების შერჩევას განახორციელებს ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა“ და სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ ერთობლივი კომისია.
პროგრამის განხორციელდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი განხორციელდება 2016 წელს და ბიუჯეტი შეადგენს 3 500 000 ლარს; მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყება 2017 წლიდან. მეორე ეტაპის ბიუჯეტი დადგინდება 2016 წელს დაფინანსებული კოოპერატივების რაოდენობის შესაბამისად.