არის თუ არა არასრულწოვანების ჩართულობა პოლიტიკურ აქციებში კანონდარღვევა – ამ საკითხზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა. საჯარო დისკუსია "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" მიერ იყო ორგანიზებული და მისი წარმომადგენელი, მზია მეხუზლა პოლიტიკური პარტიების, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის, საჯარო სკოლის და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობდა იმ საკითხებზე, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ხდებოდა საქართველოში.
დისკუსიაზე ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო რეგულაციებზე, საზოგადოების, მშობლების, პასუხისმგებლობაზე ამ საკითხთან დაკავშირებით და ა.შ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის ლელა ნაცვალაძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბავშვების ადგილი პოლიტიკაში არ არის.
" სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საქართველოში ყველა პოლიტიკოსია დაწყებული ბავშვიდან, დამთავრებული უფროს ასაკამდე. ძალიან ცუდია ის ფაქტია, რომ ბავშვები მონაწილეობას იღებენ ამა თუ იმ პოლიტიკურ აქციებში და ვისურვებდი, ეს ასე არ მოხდეს არასდროს. პოლიტიკას მხოლოდ პოლიტიკოსები უნდა აკეთებდნენ. ძალიან ცუდად მახსენდება განვლილი წლები და აქ მხოლოდ ბოლო ცხრა წელზე არ არის საუბარი. ხშირად იყენებდნენ ბავშვებს პოლიტიკურ აქციაზე და ეს ყოველთვის მიუღებელი ჩემთვის. არცერთმა ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას და ბავშვები ნამდვილად არ უნდა ვიხილოთ აქციებზე. მახსენდება, როგორ მიყავდათ ბავშვები ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად და ამაში ყველა იყო გარეული". – თქვა ნაცვალაძემ.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო გოგუაძემ აღნიშნა "მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ბავშვი პირველი წაკითხული ან ზეპირად მოსმენილი წიგნის შემდეგ იწყებს აღთქმას, რა არის მისთვის მისაღები და რა – მიუღებელი. მე ძალიან კარგად მახსოვს მეორე კლასში გამოვხატე პროტესტი იმიტომ, რომ ტიციან ტაბიძე იყო ჩემი საყვარელი პოეტი და როდესაც გავიგე კომუნისტებმა დახვრიტეს, პროტესტის ნიშნად, გაკვეთილის მსვლელობის დროს ავდექი. პოლიტიკა არ არის კონკრეტულად პოლიტიკური პარტიების შეჯიბრი, პოლიტიკა არის ჩვენი ყოველდღიურობა. ერთი რამ მინდა ვთქვა, ბავშვის გამოყენება პოლიტიკაში ნამდვილად მიუღებელია."
"მე 14 წლის ვარ და არ ვარ მზად პოლიტიკურ ამბებში ჩართვისთვის. თუმცა იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება პოლიტიკის მხრივ, ყოველთვის ვცდილობ, რომ თვალყური ვადევნო, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ. განსაკუთრებით მაინტერესებს განათლების სფეროში განხორციელებული და მოსალოდნელი რეფორმები. თუ ისეთი რამ ხდება ეს ჩემს მომავალს ვნებს, რა თქმა უნდა, ჩემს აზრს ვაფიქსირებ და ამის უფლება ბავშვებს ნამდვილად აქვთ. მაგრამ რომ დაიწყონ შიმშილობა და კარვებში იცხოვრონ, გამოიყენონ მშობლებმა რარაც მიზნებისთვის, ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნათ, ეს ჩემის აზრით, არ არის სწორი. ბავშვები რატომღაც ასოცირდება "ცრემლსადენ გაზთან, " იმიტომ, რომ როდესაც მნიშვნელოვანი პრობლემაა და ბავშვები პროტესტს გამოხატავენ, უფრო მეტად მიდის ადამიანის გულამდე სატკივარი. ამით მანიპულირება ვთვლი, რომ ძალიან ცუდია და არ უნდა ხდებოდეს. "- თქვა სალომე ჩავლეშვილმა.