"თრელიგორების ნასახლარის" მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა დასკვნით ეტაპზე გადავიდა.
მიმდებარე ტერიტორიის კვლევა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმისა და ილიას უნივერსიტეტის მონაწილეობით 2010 წელს დაიწყო. სამუშაოების შედეგად, გორის თხემის სამხრეთ ნაწილში გამოვლინდა ელინისტური ხანით, ჩვ. წ-მდე III-I საუკუნეებით, ქართლის (იბერიის) სამეფოს ადრეული ხანით დათარიღებული მარნის ნაშთები 5 ქვევრით. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული მარანი ტაძრის ან სასახლის შემადგენელ სათავსოს წარმოადგენდა. "თრელიგორების ნასახლარის" მიმდებარედ კვლევა არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსის შედეგად 2015 წლის სექტემბერში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით განახლდა. საბჭო 14 წევრისგან შედგება, თავმჯდომარე კი დედაქალაქის მერია. კვლევაში სტუდენტებიც ჩაერთვნენ.
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2015 წელს არქეოლოგიური კვლევა კიდევ 3 ობიექტზე "შაჰტახტის", წმ. 40 სებასტიელ მოწამეთა ტაძრისა და "საჯოგის ნასახლარის" მიმდებარე ტერიტორიებზე ხორციელდება.