დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა დავით რობაქიძემ 2015 წლის 23 იანვარს გასცა ოფიციალური დოკუმენტი/ცნობა, რომელშიც ვკითხულობთ:
„გაიცა მასზედ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციის შემდეგ დაბა ურეკის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი სპეციალისტი ეკატერინე მიდოდაშვილი გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან გასული წლის 2 აგვისტოს. ყოველივე ამის შემდეგ კი იგი 30 დეკემბრამდე თვითნებურად განაგრძნობდა სამსახურში სიარულს, თავისი სურვილით მეხმარებოდა დოკუმენტაციის წარმოებასა და შედგენაში“ _ რობაქიძემ ცნობა „დანიშნულებისამებრ“ გასცა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით მჟავანაძე ამბობს, რომ აღნიშნული ცნობა, გარდა არაკომპეტენტურობისა, გამგებლის წარმომადგენლის მხრიდან კანონის დარღვევაზეც მეტყველებს:
_ ცნობის თანახმად, ირკვევა, რომ გარეშე პირს წვდომა ჰქონდა სამსახურებრივ დოკუმენტაციაზე, რაც კანონის დარღვევაა, _ აღნიშნა მჟავანაძემ ჩვენს ყოველკვირეულ გადაცემაში _ „არჩევანი _ მე“, საუბრისას.
მჟავანაძეს გადაცემაშივე უპასუხა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძემ, რომლის თქმით, ოპონენტს ეს დოკუმენტი ამდენ ხანს არ უნდა შეენახა:
_ დათოს აქვს ტრიბუნა _ საკრებულო და თუ ასეთი რამ ჰქონდა, აუცილებლად უნდა ეთქვა, _ თქვა კვერღელიძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, დოკუმენტის დედანი მოსთხოვა და აღნიშნა, რომ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, რობაქიძეს თანამდებობის დატოვება მოუწევს.
ის, რომ დოკუმენტი ნამდვილად მის მიერ არის გაცემული, ჩვენთან საუბარში დაადასტურა დავით რობაქიძემ. გამგებლის წარმომადგენლის თქმით, ეკატერინე მიდოდაშვილთან ერთად ტრენინგებზე დადიოდა და ჰქონდა ინფორმაცია, რომ ტრენინგების შემდეგ სამსახურში დააბრუნებდნენ:
_ მაშინ მეც მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი. ერთად დავდიოდით ტრენინგებზე და ვიცოდით, რომ ტრენინგების შემდეგ დაგვნიშნავდნენ ყველას. თუმცა, მერე მოხდა ისე, რომ ეკატერინე არ დაინიშნა.
_ ამ ვარაუდის საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლებულ ადამიანს დოკუმენტაციაში ახედებდით?
_ არ ვახედებდი.
_ თუმცა, თქვენ მიერ გაცემულ ცნობაში ეს გარკვევით წერია…
_ დოკუმენტების წარმოებაში ვგულისხმობდი იმას, რომ, უბრალოდ, სამსახურში დადიოდა და მეხმარებოდა შედგენაში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის თქმით, გამგებელმა შეცდომა დაუშვა, ცნობა არასწორად გასცა, თუმცა, ეს არ არის ისეთი დარღვევა, რის გამოც ადამიანმა სამსახური უნდა დატოვოს.