ოთარ ესებუას სახელი ჩოხატაურში ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ბატონი ოთარი მეთუნუქეა და 60 წელზე მეტია ემსახურება ადამიანებს. იგი ძალიან მოკრძალებული რესპონდენტი აღმოჩნდა _ საკუთარ თავზე საუბარი ერიდება, სამაგიეროდ, ოთარ ესებუას სასიკეთო საქმეებზე ბევრს ჰყვებიან ადამიანები, რომლებიც წლებია, მის გვერდით მუშაობენ.
_ უამრავი მადლიერი ადამიანი ჰყავს, გაზეთშიც ხშირად დაწერილა სამადლობელი წერილი მისი მისამართით. ის ხშირად, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ეხმარება ადამიანებს. თუ შეატყო, ადამიანს უჭირს, იქით დაეხმარება. გვახსოვს, ერთხელ ერთი მოხუცებული მოვიდა, ღუმელის შეკვეთა მისცა. მერე თითონ მიატანინა მანქანამდე და გაამგზავრა, _ ჰყვებიან ბატონი ოთარის გვერდით მომუშავე ადამიანები.