შემოდგომაზე, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ოთახის ყვავილების შინ შეტანა უნდა დავიწყოთ. ეს უფრო ამინდზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ამ დროს ჯერ კიდევ კარგად თბილა, ზოგჯერ _ პირიქით. მთავარს ბუნება გვიკარნახებს. შინ შეტანილ ოთახის ყვავილებს ზამთრის მოახლოებისას საგანგებო ყურადღება სჭირდება. არაერთხელ გვინახავს, როგორ ყრის ფოთლებს ესა თუ ის ყვავილოვანი მცენარე, რაც ზამთრის მოახლოების ბრალი სულაც არ არის. აქ გადამწყვეტია ოთახის ტემპერატურა. ჩვენ ხშირად ყვავილები ისეთ ოთახში შეგვაქვს, სადაც ტემპერატურა მკვეთრად მერყეობს. ეს კი მცენარისთვის გამანადგურებელია. ფოთლების ცვენას სწორედ ეს იწვევს. ამიტომ სჯობს, ყვავილები ისეთ ოთახში მოვათავსოთ, სადაც ჰაერის ტემპერატურა + 10 გრადუსი იქნება და უფრო დაბლა არ დაეცემა. თუ მუდმივად +18 გრადუს სითბოში ვამყოფებთ, რა თქმა უნდა, უმჯობესია. დავიხსომოთ, თუ ჰაერის ტენიანობის შეფარდებითობა დაბალი და ცვალებადია, ეს ყვავილებისთვის მომაკვდინებელია. ჩვენ კი გვგონია, რაკი ოთახში შევიტანეთ, მეტი არაფერი სჭირდება. ბუნებრივია, ზამთრის პერიოდში ტემპერატურის მცირე მონაცვლეობას მაინც ვერ გავექცევით. ამიტომ ხანდახან, კვირაში ერთხელ მაინც, ყვავილები ნელთბილი წყლით მოვრწყოთ. ხშირი მორწყვა კი საჭირო არ არის. ასევე თბილი წყლით დავნამოთ ყვავილების ფოთლები. ყვავილები რომ ცალ მხარეს არ გაიზარდოს, ხშირად შევაბრუნოთ ქოთნები სინათლიანი ადგილისკენ, ფანჯრებისკენ. მორწყვის შემდეგაც კი ქოთანში მიწა ხშირად იტკეპნება. უმჯობესია, ის სულ ფხვიერი იყოს. ამისთვის განკუთვნილი გვქონდეს ხის ან რაიმე საგნის ნაფოტი, რომლითაც გავაფხვიერებთ, აე ვთქვათ, ფრთხილად ავჩიჩქნით და ჰაერის მოძრაობას შევუწყობთ ხელს. ასე მოვლილი ჩვენი ყვავილები გაზაფხულს უფრო ლაღად შეხვდება და სამომავლოდაც შესანიშნავ განწყობას შეგვიქმნის.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved