უმრავლესობის ლიდერი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე "გურია ნიუსთან“"საუბრის დროს, ჩოხატაურში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე კომენტარს აკეთებს.
"აღშფოთებული ვარ. ეს არის ხელისუფლებისთვის პირდაპირ სილის გაწვნა და შეურაცხყოფა. პირადად მეც შეურაცხყოფილად ვთვლი თავს. კატეგორიულად მოვითხოვ, გატარდეს მასშტაბური ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები ყველა მიმართულებით და უზრუნველყოფილ იქნას ყაჩაღების და მათ უკან მდგომი ელემენტების სასწრაფო დაპატიმრება და პასუხისგებაში მიცემა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი ინფორმაციების საფუძველზე ვეჭვობ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეზე თავდასხმა არ გავს მხოლოდ ძარცვის მიზნით ჩადენილ ყაჩაღობას. ეს არის საზოგადოების დაშანტაჟების მორიგი მცდელობა. ამიტომ გადაუდებლად სიღრმისეულ გამოძიებას მოვითხოვ. მხოლოდ ყაჩაღების დაკავებით და მანქანის დაბრუნებით ეს საქმე ვერ დამთავრდება. ხაზგასმით და ყველას გასაგონად ვამბობ, ამ საქმის სასწრაფოდ გახსნა იქნება სერიოზული ტესტი ბევრი თანამდებობის პირისთვის სამართალდამცავ სისტემაში და თუ სამწუხაროდ საჭირო გახდება, მათი პასუხისმგებლობის საკითხს, შედეგებიდან გამომდინარე, პირადად დავაყენებ და ბოლომდე მივყვები." – ამბობს ზვიად კვაჭანტირაძე.
ინფორმაციისთვის შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის ოჯახი წუხელ დააყაჩაღეს. როგორც გვითხრეს, ორი შეიარაღებული პირი მამალაძეების სახლში დაახლოებით 10 საათისთვის შეიჭრა. ოჯახის უფროსმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.