რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში, ბათუმიდან რიზეში გადასახლებული ლაზების ოჯახში დაიბადა, 1954 წლის 26 თებერვალს. მამამისი – აჰმედ ერდოღანი საზღვაო დაცვაში მუშაობდა და მისი სამსახურის გამო, ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს. ბავშვობის პერიოდი რეჯეფმა ისტამბულის, ქაშიმფაშას უბანში გაატარა, სადაც ქუჩაში ლიმონათსა და ფუნთუშებს ყიდდა, რათა დამატებითი შემოსავალი ჰქონოდა. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს, თანაკლასელებისგან თავისი რელიგიურობით გამოირჩეოდა, რის გამო მეტსახელიც კი შეარქვეს – ჰოჯა.
16 წელი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დაკავებული იყო პროფესიული ფეხბურთით. 1969 წელს ის 1000 ლირად სამოყვარულო გუნდ "ქამიალთიდან" "ქაშიმფაშასპორში" გადავიდა, სადაც ნახევრად პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ამ ყველაფერს რეჯეპი მამისგან მალულად აკეთებდა, რადგან ის ფეხბურთისა და საერთოდ სპორტის წინააღმდეგი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ კლუბის სტადიონი, სადაც ერთ დროს ერდოღანი ბურთს აგორებდა, დღეს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სახელს ატარებს.
1990-იან წლებში რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სტამბულის მერი იყო და მისი მერობის პერიოდში რამდენიმე საინტერესო კანონს მოეწერა ხელი. კერძოდ, სახელმწიფო დაწესებულებებში აიკრძალა ალკოჰოლის მოხმარება. ქალბატონებს საშუალება მიეცათ, ეტარებინათ ადრე აკრძალული რელიგიური თავსაბურავები. ასევე, მისი მერობის პერიოდს უკავშირდება ქუჩაში ქალების საცურაო კოსტიუმების, კერძოდ, ბიკინის რეკლამირების აკრძალვა. აგრეთვე, მის მიერ ინიცირებული კანონია, რომლის თანახმად, ცოლ-ქმრული ღალატის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავე ცოლს ან ქმარს პატიმრობა უნდა მიესაჯოს.
1997 წელს პროვინცია სიირტში გამართულ მიტინგზე ერდოღანმა ისლამისტური ლექსი წაიკითხა და ამ ფაქტის გამო, ის ძებნილად გამოცხადდა. დაკავების შემდეგ, მას ათთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. აღსანიშნავია, რომ ის ლექსი, რომელიც ერდოღანმა წაიკითხა, სულაც არ იყო აკრძალული და პირიქით, ის თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ, სასკოლო პროგრამაშიც კი იყო შესული. მაგრამ, იმ პერიოდში ერდოღანი ოპოზიციაში იყო და მისი პარტიის საქმიანობა აკრძალული გახლდათ. მისჯილი ათი თვიდან, ერდოღანმა ციხეში – ოთხი გაატარა. საინტერესოა, რომ 2002 წელს ერდოღანმა ახალი პარტია დააფუძნა, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ რადგან ნასამართლევი იყო, არ ჰქონდა უფლება, პარლამენტში შესულიყო ან პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო. მოგვიანებით, თურქმა პარლამენტარებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ერდოღანის ნასამართლეობა ბათილად სცნეს.
"ჩემი მიზანია, თურქეთს დიდი ოსმალეთის იმპერიის დიდება დავუბრუნო", – ეს ფრაზა წარმოთქვა რეჯეპ ერდოღანმა პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ამ ფრაზის შემდეგ, თურქულ სკოლებში გეოგრაფიის ახალი სახელმძღვანელოების პარტია შევიდა, სადაც თურქეთის სრულიად ახალი რუკა დაიბეჭდა. კერძოდ, თურქეთის შემადგენლობაში იყო შეყვანილი საქართველოს აჭარა, აზერბაიჯანის ნახიჩევანი და ორი ერაყული ქალაქი – მოსული და კირკუკი. საინტერესოა, რომ რუკაზე არ იყო დატანილი თურქმენული და უიგურული ტერიტორიები, რომლებიც ადრე შედიოდა ოსმალეთის იმპერიაში.
2006 წლის 17 ოქტომბერს რეჯეპ ერდოღანს მცირე ჰოპოკლემიური შეტევა მოუვიდა ავტომობილში, რაც გადაღლილობამ და რამადანის დღესასწაულთან დაკავშირებით დაცულმა მძიმე მარხვამ გამოიწვია. პრემიერ-მინისტრი სასწრაფოდ ჰოსპიტალიზებულ იქნა. მაგრამ, ექიმებმა განაცხადეს, რომ პრემიერს დასვენება ესაჭიროებოდა და ჰოსპიტლიდან გაწერეს. ამ ისტორიაში კი ის იყო საინტერესო, თუ როგორ მიიყვანეს ერდოღანი საავადმყოფოში. როდესაც პრემიერს შეტევა დაეწყო, მან გონება დაკარგა. იმ დროისთვის ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. მან გადაწყვიტა, პრემიერის დახმარება, მაგრამ მანქანიდან გადმოსულს გასაღები შიგნით დარჩა, რამაც ავტომობილის კარების ბლოკირება გამოიწვია და გონებადაკარგული პრემიერ-მინისტრი მარტო დარჩა ავტომობილში. საბოლოოდ, დაცვის წევრებმა ახლო მდებარე მშენებლობიდან დიდი ურო მოიტანეს, შუშა ჩაამტვრიეს და სასწრაფოს დახმარებით პრემიერი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
რამდენიმე წლის წინ ნიუ-იორკში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტზე, რომელშიც მსოფლიოს თითქმის ყველა ლიდერი იღებდა მონაწილეობას, საკმაოდ სკანდალური ფაქტი დაფიქსირდა. ერთ-ერთი სხდომის დაწყებამდე, ხელჩართული ჩხუბი გაიმართა ბარაკ ობამას და რეჯეპ ერდოღანის პირადი დაცვის წევრებს შორის. ოფიციალურად გაცხადდა, რომ პირადი მცველები უშიშროების საკითხებში ვერ შეთანხმდნენ, ხოლო თვითმხილველების თქმით, ამერიკელმა "სექიურიტებმა" შეურაცხყოფა მიაყენეს თურქ კოლეგებს და მათი დაცვის ქვეშ მყოფ ერდოღანს, რაც ჩხუბის მიზეზად იქცა. იგივე თვითმხილველების მტკიცებით, ჩხუბში უშუალოდ იყო ჩართული რეჯეპ ერდოღანი და ამერიკელი „სექიურიტებისგან" მას გვარიანი მუშტიც კი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ჩხუბის გამო, რეჯეპ ერდოღანმა პროტესტის ნიშნად დატოვა სამიტი და სამშობლოში დაბრუნდა.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და მის მეუღლეს, ემინე გიულბარანს ოთხი შვილი ჰყავთ: ორი ვაჟი – აჰმეთ ბურაკი და ნეჯმედინ ბილალი და ორი ქალიშვილი – ესრა და სუმეიე.