ამ წუთებში ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში, ბათუმელი და ოზურგეთელი ხელოვანები, ლუკა ჩხარტიშვილის გადასარჩენად საქველმოქმედო კონცერტს მართავენ.
კონცერტზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე, საჯარო მოხელეები, სასულიერო პირები და საზოგადოების წევრები იმყოფებიან. საქველმოქმედო კონცერტს ესწრება თავად ლუკა ჩხარტიშვილი, რომლის თქმით, მისთვის ამ თანხის შეგროვება მეტად მნიშვნელოვანი და საჭიროა.
ლუკა ჩხარტიშვილის დედა ინგა ცენტერაძე ამბობს, რომ ლუკას ამ ეტაპზე ახალი ოპერაცია სჭირდება.
" ლუკა ახლა ავსტრიაში არის წასაყვანი, რადგან ახალი პრობლემა გაჩნდა. სამწუხაროდ, დაემატა თირკმელის და ჯირყვალის უკმარისობა, რომელიც იწვევს სიცოცხლესთან შეუთავსებლობას. აქედან გამომდინარე, გვითხრეს, რომ ავსტრიაში ანომალების კლინიკაში დროულად უნდა გაკეთდეს ახალი ოპერაცია. ნაწილობრივ აფინანსებს ჯანდაცვის სამინისტრო და ნინო სურგულაძის ფონდი, რომლის წევრია ჩემი შვილი. მაგრამ 10-15 ათასი დოლარამდე არის საჭირო. ამიტომ ტარდება საქველმოქმედო კონცერტი. პირველი კონცერტი ანსამბლ "ბათუმის" მონაწილეობით ჩატარდა ბათუმში, ახლი კი ბათუმელი და ოზურგეთელი ხელოვანების ერთობლივი ღონისძიება იმართება." – გვითხრა ინგა ცენტერაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე 600 ბილეთი გაიყიდა, ბილეთის ფასი 10 ლარი იყო.