ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი და ექიმი, ტიტე მგელაძე სასწრაფო სამედიცინო სამსახურისთვის შენობას ითხოვს. ეს საკითხი მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დააყენა.
" ფინანსებთან არ არის დაკავშირებული, ისეთ საკითხზე მინდა მოგახსენოთ. ბევრი კეთდება ჯანდაცვის სისტემაში და ეს მისასალმებელია. მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება ერთ საკითხს მივაპყრო. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის განსათავსებლად საჭიროა შენობა. როგორც მოგეხსენებათ , "მედალფას" სამედიცინო ცენტრი ოზურგეთში კერძოა და დადგა სასწრაფო დახმარების ცენტრის ცალკე გადასვლის საკითხი. დღევანდელ სხდომაზე არის საუბარი კულტურაზე, თეატრზე, მაგრამ ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს დროულად. ეს სასწრაფო დახმარების ცენტრი არ არის მხოლოდ ქალაქის, უფრო მეტად ესაჭიროება მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. დაფინანსება არის, უბრალოდ შენობის პრობლემაა და იქნებ როგორმე მოგვარდეს ეს საკითხი. კარგი რომ ყოფილიყო ,ივანე მერაბიშვილი იმ შენობიდან (საუბარია ძველი პოლიციის შენობაზე, ავტ) არ გადმოიტანდა ქალაქის ცენტრში პოლიციას. პოლიციაც საჭიროა და კულტურაც, მაგრამ 15 კაციანი ჯგუფისთვის კარგი იქნება თუ გამოინახება შენობა." – თქვა ტიტე მგელაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-სამსახურის უფროსის, გია მამაკაიშვილის თქმით, მას აქვს ინფორმაცია რომ ამ საკითხთის მოსაგვარებლად ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს.
" მაქვს ინფორმაცია, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ დავინტერესდებით , რის უფლებაც და საშუალება გვექნება, მაქსიმალურად ჩავერთვებით, "- თქვა გია მამაკაიშვილმა.