90-იანი წლების დასასრულს, სანამ საშუალო სკოლას დავამთავრებდი, ჩემს ოჯახში ჩემთვის დღესაც მძიმედ გასახსენებელ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩვენზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდებოდა, რადგან ერთი უბრალო ოჯახი ვიყავით – მხოლოდ მამაჩემი დადიოდა სამსახურში და ისიც ოთხ-ხუთ თვეში ერთხელ იღებდა ხელფასს.
ერთ დღეს, ოჯახის ახლო ნათესავმა სტუმრად ბულგარეთიდან ჩამოსული ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოიყვანა, სახელად ვლადი ერქვა. ვლადი ძალიან განათლებული და შრომისმოყვარე ადამიანი იყო. ჩვენი ახლობლის თქმით, ვლადს თხილის ბიზნესის დაწყება უნდოდა საქართველოში და შემდეგ ექსპორტზე გატანა ბულგარეთში.
ყველაფერი კარგად აეწყო; ოჯახისგან გამოგზავნილი ფულით ბიზნესის გაფართოება გადაწყვიტა. სანამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა, ბულგარეთში წავიდა და მალევე დაბრუნდა – როგორც ჩანს, საქმისთვის ცოტა ფულიც წამოიღო…
1998 წლის თვითმმართველობის არჩევნების ციებ-ცხელება იდგა საქართველოში და ადგილობრივი კანდიდატები ქვეყანას აყვავებას ჰპირდებოდნენ. სწორედ ერთ-ერთი საარჩევნო შეხვედრის წინა დღით, ავტომატებით შეიარაღებულმა ხუთმა უცნობმა ჩვენი ოჯახი დააყაჩაღა: ღამით მე და ვლადი ტელევიზორში ფილმს ვუყურებდით; დედ-მამას და ჩემ ძმას მეორე სართულზე ეძინათ.
ხუთი ყაჩაღი ერთდროულად შემოვარდა ოთახში; სამი ვლადს ეცა და მეორე ოთახისკენ გაიყვანეს. მე კი მეორე სართულზე ამიყვანეს მძევლად… მერე მეორე სართულიდან ოჯახის ყველა წევრი ჩამოგვიყვანეს. ვლადი უკვე ხელფეხშეკრული დაგვხვდა. როდესაც დარწმუნდნენ, რომ სახლში 5000 დოლარზე მეტი არ იყო, ყველანი დაგვაბეს, ფული წაიღეს და მამაჩემი რამდენიმე წუთით გარეთ გაიყვანეს _ გვეგონა მოკლეს….
ეს ამბავი მეორე დღეს ყველამ გაიგო; იმ პირებმაც, ვინც ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავდნენ და ხალხზე მზრუნველობას აპირებდნენ, მაგრამ საქმე დღემდე გაუხსნელია. როცა მსგავსი ფაქტები გროვდება, იმით სრულდება, რომ ქვეყანაში “ვარდების“, “ნარინჯის“, “ცოცხის“, “მუშტის“ და სხვა რევოლუციები ხდება…..
ეს ამბავი სულ მახსოვს და განსაკუთრებით საშინლად მაშინ, როდესაც ყაჩაღობის ფაქტს ვიგებ. ერთი კვირის წინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის და “გურია ნიუსის“ გამომცემლის ია მამალაძის ოჯახი დააყაჩაღეს. ფაქტი დღემდე გაუხსნელია.
საქმე სახელმწიფოს პრესტიჟს ეხება და ხალხი ელოდება პასუხს კითხვაზე: გვაქვს თუ არა პრესტიჟული კი არა, საერთოდ სახელმწიფო?! რა მოხდა 28 თებერვალს ჩოხატაურში _ ყაჩაღობა თუ პოლიტიკური თავდასხმა?!