საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, მსჯავრდებულებს საშუალება მიეცემათ პენიტენციურ დაწესებულებაში მათ მიერ წარმოებული სხვადასხვა ნაკეთობების რეალიზაცია მოახდინონ. ამის შედეგად მიღებული თანხა კი, მსჯავრდებულების პირად საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება. სასჯელაღსრულების სამინისტრო იღებს ვალდებულებას ამისთვის საჭირო ყველა პირობა შექმნას, მათ შორის, საუბარია ონლაინ მაღაზიის შექმნაზეც. პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი მსჯავრდებული ამზადებს სხვადასხვა ტიპის ნაკეთობებს – მინანქრისა და თექის ნაწარმი და სხვა. კანონის არსებული რედაქცია კი, მათი რეალიზაციის საშუალებას არ იძლევა.
გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, შესაძლებელი გახდება სხვადასხვა ხელობის მქონე მსჯავრდებულები პენიტენციური დაწესებულების მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმდნენ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, სამინისტრო მცირე სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავს, რომლებსაც გადაამზადებს და მათი მეშვეობით პენიტენციურ დაწესებულებაში მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს. ამის შედეგად, მსჯავრდებულებს სამუშაო უნარები გამოუმუშავდებათ, შესრულებული სამუშაოსთვის კი, შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ. მსგავსი ღონისძიებები მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციას და საზოგადოებაში მათ ეფექტურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
(R)