ცნობილი ქართველი მსახიობები ელენე საყვარელიძე და მედეა ჩახავა მეგობრები ბრძანდებოდნენ. ქალბატონი ელენე ერთ სახალისო ისტორიას არაერთხელ იგონებდა:
"ძალიან მიყვარს მედეა ჩახავა და ვმეგობრობდით კიდეც. ერთ ზაფხულს გადავწყვიტეთ, ერთად წავსულიყავით დასასვენებლად აფხაზეთში – აგუძერას დასასვენებელ სახლში.
სოხუმის აეროდრომზე ტაქსისტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მედეას მოტაცებაში. დასასვენებელი სახლის ადმინისტრატორმა მოგვახალა, არ მაქვს კარგი ნომრებიო, მაგრამ შემდეგ მედეა რომ დაინახა, ლუქსში მიგვაცილა ზღვის სანაპიროზე. მედეა კი არა, ნატვრისთვალი ყოფილა-მეთქი, ვფიქრობდი და მის ჩრდილში მშვენივრად ვგრძნობდი თავს.
ერთ დღეს მედიკოს კბილი ასტკივდა და ექიმისთვის სოხუმში წამოვედით. სოხუმი ჩემი საყვარელი ქალაქია, ვგრძნობდი, რომ მაყურებელს ვუყვარდი. მივედით ერთი ექიმის ოჯახში. მასპინძელმა რომ დაგვინახა, იკივლა და ტელეფონს მივარდა, ვიღაცას აღტაცებული უყვირის:
– ახლავე გამოდი ჩვენთან, როგორ უნდა გაგახარო, ვინ მეწვია, რომ იცოდე, ისევ ისეთი ლამაზია, ვენაცვალე!
– ძალიან ლამაზი კი ვარ ამ გასიებული კბილით, – გადმომილაპარაკა მედეამ.
– ჩქარა, ჩქარა, მოდი, ვერ მიხვდი? ლენა საყვარელიძე მეწვია, იმას ვენაცვალე! – დიდი პაუზა ჩამოწვა. მედიკომ გადმომხედა. მე კი თავი დარცხვენილად ჩავღუნე. რა ვიცოდი, აქამდე ყველას მედიკოს სახელი ეკერა პირზე და რას ვიფიქრებდი, მეც თუ შემამჩნევდნენ.
ასე დადგა გაზაფხული ჩემს ქუჩაზეც."