ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის დროს მცირე შელაპარაკება მოხდა დეპუტატ ნათია შარაშენიძესა და ქალაქ ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს შორის.
ბიუროს დასასრულს, დეპუტატებმა იკითხეს საკრებულოს სხდომა როდისთვის ჩაინიშნა. საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ განაცხადა, რომ 30 დეკემბრის 3 საათზე გაიმართებოდა. ქალაქ ოზურგეთის მერმა კი საკრებულოს სხდომის დაწყება 12 საათზე ურჩია თავმჯდომარეს.
"ძალიან ბევრი ღონისძიებებია და თუ შესაძლებელი იქნება, 12 საათისთვის დაიწყოს საკრებულოს სხდომა" – თქვა ბეგლარ სიორიძემ.
სიორიძეს განცხადებას დეპუტატი ნათია შარაშენიძე გამოეხმაურა.
"შეგვიძლია მერის გარეშე გავმართოთ სხდომა, მთავარია დეპუტატები ესწრებოდენენ. შეგიძლიათ არ დაესწროთ სხდომას, "- თქვა შარაშენიძემ.
შარაშენიძის რეპლიკას უმალვე გამოეხმაურა დეპუტატი ირინა საჯაია:
" რა გინდა ვერ ვხვდები, რას ითხოვ, ყველას შეაძულე თავი. დანარჩენს შემდეგ გეტყვი." _ უთხრა საჯაიამ შარაშენიძეს.
ქალაქ ოზურგეთის მერმა ბიუროს სხდომა დასრულების შემდეგ , იქ მყოფ ადამიანებს კაბინეტიდან წასვლა ურჩია.
"რას ელაპარაკებით ნათია შარაშენიძეს. საქმეები მაქვს და გთხოვთ, გაბრძანდეთ," – განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.
ბიუროს დასრულების შემდეგ კიდევ ერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. "ლეიბორისტული პარტიის" დეპუტატი ოზურგეთის საკრებულოში ნათია შარაშენიძე ამბობს , რომ ბიუროს სხდომის დასასრულს სანიშნე ფურცლები ესროლეს. მისი ვარაუდით, ეს ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე იყო. მაგრამ სიორიძე ამ ინფორმაციას უარყოფს. ინციდენტი ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ მოხდა ასევე, დეპუტატებს ირინა საჯაიასა და ნათია შარაშენიძეს შორის.
ამბავი უკავშირდება რამდენიმე დღის წინ ნათია შარაშენიძის მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ კარიკატურას, სადაც ბეგი სიორიძეს ქურთუკის ჯიბეში სამი დეპუტატი უზის, მათ შორის საჯაიაც.
შარაშენიძე აცხადებს, რომ ეს დეპუტატები სიორიძეს ყველა იმ საკითხში უჭერენ მხარს, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება,
საჯაიას და შარაშენიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. საჯაია შარაშენიძეს დაპირდა, წიხლქვეშ გაგიგდებო.
ამის შემდეგ შარაშენიძემ ოთახი დატოვა.