ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდინარე წლის ბოლო სხდომა გაიმართა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდა.
მას შემდეგ რაც საკრებულომ ბიუჯეტის პირვანდელი პროექტი აღმასრულებელ ხელისუფლებას უკან დაუბრუნა, კორექტირებული სახით ხელმეორედ შეტანილ პროექტში, ცვლილება მაინც განხორციელდა. საუბარია საკუთარი შემოსავლების მუხლზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციით შემცირდა 441 ათასი ლარით და განისაზღვრა 3 517 200 ლარით, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დახლოებით მილიონი ლარით მეტია.
მთლიანობაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 11 190 867 ლარით, რომელსაც ხმა მისცა ოცმა დეპუტატმა, ხოლო შვიდი იყო წინააღმდეგი. ნიშანდობლივია, რომ ოპოზიციის გარდა ბიუჯეტის პროექტს ხმა არ მისცა უმრავლესობის წევრმა, რესპუბლიკელმა რომან ბიწაძემ, რომელმაც ამ შემთხვევაშიც პრინციპულობა გამოიჩინა და თავისი უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა საბიუჯეტო პარამეტრებთან მიმართებაში.