ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს თოვლმა პრობლემები შეუქმნა. ყველაზე დიდი თოვლის აცანაში და მამათშია. მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის ინფორმაციით, მამათში თოვლის საფარი 1.5 მეტრს აღწევს:
_ საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და ვწმენდთ გზებს. მამათში ჩვენი ტექნიკით ვერ მოხერხდა გზის გაწმენდა, ამიტომ დამატებითი ძალები დაგვჭირდა. ამ წუთებში გზები იწმინდება ჩოჩხათში, ჩიბათში, მაჩხვარეთში. მალე დასრულდება გაწმენდითი სამუშაოები ქალაქში. მუდმივი კავშირი გვაქვს კრიზისების მართვის საბჭოსთან და თუ დამხმარე ძალები დაგვჭირდა, პრობლემები არ შეიქმნება, _ გვითხრა ურუშაძემ.
მისივე თქმით, თუ თოვა შეჩერდა, დღის ბოლოსთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს ელექტროენერგიის მიწოდებაც აღუდგება:
_ ამ წუთებშიც ძლიერი თოვაა. "ენერგო პრო ჯორჯიას" ბრიგადები დაზიანებულ უბნებზე მუშაობენ და როგორც მეუბნებიან, თუ თოვა არ გაძლიერდა, საღამომდე ლანჩხუთს სრულად აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება, _ დასძინა ურუშაძემ.