ამ დროისთვის რთული მდგომარეობაა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში. ელექტროენერგიის უქონლობას უგზოობა დაემატა. ადგილორბივ ხელისუფლებას თუ დავუჯერებთ, გზები ყველა მიმართულებით იწმინდება, თუმცა, ჩვენს მიერ გადამოწმებული ფაქტებით ირკვევა, რომ უმრავლეს სოფელში გზები ჩაკეტილია. მათ შორის ჩოხატაურის ახლომდებარე სოფლებში.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას მტკიცებით, სოფელი ბუკნარი ორი მიმართულებით იწმინდება _ ეს მაშინ, როცა "გურია ნიუსის" ობექტივი საწინააღმდეგოს აფიქსირებს:
_ მე ვიცი, რომ ბუკნარის ცენტრში მუშაობს ერთი ტრაქტორი, მეორე კი ვანზომლეთიდან წამოვიდა და ბუკნარის მეორე მიმართულებას წმენდს, _ გვიმტკიცებდა კუჭავა.
თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ბუკნარში შესასვლელი გზა, რომელიც ცენტრალურ გზას უკავშირდება ამ დრომდე გაუწმენდავია. უფრო მეტიც, რომ არა პოლიციის თანამშრომლების_ გოგიტა გოგუაძის და დიმიტრი სიმონიშვილის კეთილი ნება და დახმარება, "გურია ნიუსის" გადამღები ჯგუფი სამშვიდობოს დიდი ხნის განმავლობაში ვერ გამოვიდოდა.
კითხვაზე, რატომ არის სოფლის შესასვლელში ორი ტრაქტორი გაჩერებული, გამგებელი გვპასუხობს, რომ არ იცის:
_ არ ვიცი ვისი ტრაქტორებია გაჩერებული. შეიძლება კერძო პირისაა, _ აღნიშნა გამგებელმა.