ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილ საგანგებო შტაბის წევრებთან მუშა შეხვედრა გამართა.
ბეგლარ სიორიძემ შეხვედრაზე "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს, "წყალმომარაგების კომპანიის", "სოკარ გაზ ჯორჯია"-ს, საგზაო კომპანიის და ინტერნეტ პროვაიდერების წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად განიხილა და შეაჯამა დიდთოვლობის დროს შექმნილი პრობლემები.
"ოთხდღიანი გადაუღებელი თოვის მიუხედავად შტაბს მუშაობა არ შეუწყვეტია. მობილიზებული იყო ყველა უწყება. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა გზის გაწმენდის სამუშაოები, რათა ქუჩებში და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებთან დაკავშირების პრობლემა არ შექმნილიყო. სტრატეგიულ ადგილებში ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდის პარალელულად, ხიდებსა და გზებზე იყრებოდა მარილი. ვფიქრობ, ქალაქმა დიდთოვლობის დროს გამოწვეულ პრობლემებს თავი წარმატებით გაართვა. აქვე მინდა გთხოვოთ, რომ ქალაქზე თანაბარი პასუხისმგებლობა ვიქონიოთ, თქვენი საზრუნავი ჩვენი საზრუნავია და ასევე, უნდა გთხოვოთ ქალაქის ტერიტორიაზე შექმნილ ნებისმიერ პრობლემას, კომპეტენციის ფარგლებში, როგორც საკუთარს ისე შეხედოთ. მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ მოსახლეობის მიმართ და ოპერატიულად აღმოვფხვრათ ყველა ის პრობლემა, რომელიც მოქალაქეების მხრიდან იქნება დასმული," _ აღნიშნა ქალაქის მერმა.
მერმა უწყების ხელმძღვანელებს კონკრეტული შენიშვნები და დავალებები მისცა და კოორდინირებული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
(R)