გურულებისთვის შობა ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია. საშობაო სამზადისი, "ღვეზელის" დამზადების წესი საინტერესოდ აქვს აღწერილი ეთნოგრაფ აპოლონ წულაძეს: "შობის წინ, 4-5 დღით ადრე, ქალები კვერცხებს მაგრად მოხარშავდნენ, მოხარშულ კვერცხებს ჩეჩოზე დააწყობდნენ და ოჯინჯალაზე გამოჰკიდებდნენ. ცეცხლის სიმხურვალით კვერცხები ხმებოდა, იჭვარტლებოდა და ქვასავით მაგარი ხდებოდა, რომელსაც შემდეგ მუცლის სალოცავისა და ღვეზელისთვის იყენებდნენ… შობის წინა დღე "ბრავაწობა თენდება".
ქალაქ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მთავარიმცველი, მანანა ლომაძე "გურია ნიუსთან" საშობაო ტრადიციებზე საუბრობს:
_ დილით, ოჯახის უფროსი რამდენიმე ოყა "ყირიმის" თეთრ პურის ფქვილს მოიტანდა დუქნიდან. თეთრი პურის ფქვილის შეძენა ყველას არ შეეძლო და უმეტესობა კმაყოფილდებოდა შინაური თალხი პურით, რომელიც იმდენი მაინც მოჰყავდათ, საკაიდღეოდ ყოფნოდათ… დედაკაცები დილით შეუდგებოდნენ სახვალიო სამზადისს: პურის ფქვილს მოზელდნენ, რომ "წამოღუებულიყო" და საღამომდე თბილად შეინახავდნენ. სასუქიდან ქათმებს გამოიყვანდნენ, საცივს გააკეთებდნენ, ქოთნებში შენახულ დამარილებულ ჩიტებს კი "ჩააზუბზუბებდნენ".
საღამო ჟამს კეცებს გაახურებდნენ, დააცხობდნენ ღვეზლებს და მუცლის სალოცავ კვერებს. "მუცლის სალოცავი" პატარ-პატარა კოკრებია ყველით გატენილი, შუაზე ერთი კვერცხია მოთავსებული. ღვეზელი სამკუთხედია და მას სათითაოდ აცხობდნენ. იგი არაა ერთი ზომის და ღირსების _ აცხობდნენ საუფროსოს და საუმცროსოს _ ზოგს 4-5 კვერცხს "მიურთავდნენ" და ისიც მთელს; ზოგში 2-3 შუაში გაჭრილ კვერცხს დააყოლებდნენ…
განსაკუთრებით გამოაცხობდნენ სასტუმრო და მეალილოეს საჩუქარ ღვეზელს. დილით, ძალიან ადრე, ოჯახის დედა ქალი მუცლის სალოცავს თითოეულ შვილს სამ-სამჯერ შემოავლებდა მუცელზე და ილოცებოდა: "ამის მუცლის ტკივილი აღმა ქარს, დაღმა წყალს", მუცელზე შემოვლებულ კოკრებს ბავშვები მაშინვე ჭამდნენ, ერთმანეთისთვის შეთავაზება, თუნდაც ერთი ფინჩხის, არ შეიძლებოდა, რადგან ნატეხს მუცლის ტკივილი გადაყვებოდა. დილით გაჩაღებულ ცეცხლის პირას, ცეცხლისა და ქონის ჭრაქის სინათლეზე, ოჯახის წევრები შემოუსხდებოდნენ საოჯახო სუფრას და მიირთმევდნენ მშვენიერ საუზმეს, რომელსაც არც ღვინო აკლდა. ჯერ კიდევ ბნელოდა ისე, რომ ზოგიერთი "ალაცარიე" (ზარმაცი) გათენებამდე ერთ წაძინებასაც მოასწრებდა.
საინტერესოა, ასევე "ბუდუა" _ ნათლიის და ნათლულის მოყვრების საშობაო შეხვედრა: შობის საღამოს, წირვის დაწყებამდე, "ბუდუას" (ნათლიას) ნათლულიდან საშობაო ძღვენიც მოუვიდოდა. ეს იყო ფიჭვის ყავარზე დაკრული 30-40 კვერცხიანი "საიასაღო" (საგანგებო) ღვეზელი, "კურტუმოჩაყვითლებული"ყვერული, ფინჩხაურით (მოზრდილი საღვინე დოქი) ჩხავერის ღვინო და ნათლულის ნახელავი წინდა.
სამაგიეროდ, მოყვრებმა სადილი ერთად უნდა ჭამონ _ ძღვენის გამომგზავნი ნათლიამ უნდა დაპატიჟოს და თან სტუმრებიც მოუპატიჟოს. ნათლია თუ თავადი ან გავლენიანი აზნაური იყო, ან ბობოლა "ჩინოვნიკი", მაშინ 60-კვერცხიან ღვეზელს გამოუცხობდნენ და გარდა კვერცხისა, 10-15 მსუქან შაშვს წინასწარ "მოწალულს" (მდუღარეში ცოტა ხნით ნამყოფს) ჩაურთავდნენ, რომელიც ღვეზლის ცხობის დროს შეიწვებოდა. ჩხავერის ღვინოსთან ერთად, ასეთ ძღვენს ახლდა სანთლის არაყი. შობის სადილი იყო "ძირდადგმული", დარბაისლური, სიმღერა, თოფის ან ფიშტოს სროლა, ჩონგურის დაკვრა და ზედ დაღიღინება, ცეკვა,
ყველაფერი ეს ჭამის მადას აღძრავდა და მასპინძელი ქალიც წამოსამატს _ მწვადსა (შემწვარ ჩიტს) და ხაჭაპურს არ ზოგავდა. აურზაური და ჩხუბი წარმოუდგენელი რამ იყო. როგორც სიამტკბილობით დასხდებოდნენ, ასევე მოყვრულად გამოეთხოვებოდნენ ერთმანეთს და გამომშვიდობებისას იტყოდნენ: გაის ამ დროს კიდევ ასე კარგად მყოლოდეს თქვენი თავი! _ თქვენიანებ, თქვენიანებ და თქვენი კარგად ყოფნით! _ უპასუხებდა მასპინძელი. შობის მეორე დღე _ "შობის დედაც" უქმე დღე იყო. პირის გემო და სიამოვნება იმ დღესაც არ აკლდათ."- გვითხრა მანანა ლომაძემ.