ჩვენი ვებ-გვერდის მკითხველებს 2016 წელს კიდევ ერთხელ გულით ვულოცავ და ვუსურვებ რომ ამ აუწყობელ ქვეყანაში, 12 თვის შემდეგ საკუთარი პრობლემები სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც გადაეწყვიტოთ.
დღეს საახალწლო-სახალისო დაიჯესტს შემოგთავაზებთ, რომელსაც პირობითად „ხალხის ხმას“ ვუწოდებდი.
ჩვენი პირველი რესპოდენტი ქუთაისელი ჭიჭიკია იქნება. ნებისმიერ ჩვენთაგანს ახალი წლისთვის განსაკუთრებული სურვილი აქვს ჩაფიქრებული და გამონაკლისი არც ბატონი ჭიჭიკიაა (სამწუხაროდ მისი გვარი არ ვიცი).
– ჭიჭიკია რაზე ოცნებობ?
– მონიკა ბელუჩის სიყვარულზე.
– მერე, მაგი ხომ უიღბლო და ცალმხრივი სიყვარული იქნება?
– არაფერია, გოუშვი, დეიტანჯოს.
მომავალში მონიკა ბელუჩი ქართველი მამაკაცის უპასუხო სიყვარულით შეიძლება მართლა დაიტანჯოს, მაგრამ ქუთაისელ ჭიჭიკოს მძიმე ახალი წელი უკვე გაუთენდა.
„ჭიჭიკია ახალი წლის დილას ნაბახუსევზე იღვიძებს. ბალიშთან ცოლის წერილი დახვდა, კითხულობს:
– გილოცავ, ახალ წელს, ძვირფასო! "ბორჯომი" თუ მოგინდეს, მაცივარშია, მაცივარი სამზარეულოშია, სამზარეულო შემოსასვლელიდან მარჯვნივაა, თუ ვერ მიაგენი, შენ გვერდით ვწევარ და გამაღვიძე.“
31 დეკემბერს ერთ თბილისელ ახალგაზრდა ქალბატონს მართლაც რომ უჩვეულო შემთხვევა გადახდა. ამ ქალის სახელს შეგნებულად არ დავასახელებ, მაგრამ მის მიერ მოყოლილ ისტორიას სრულად გადმოგცემთ.
„ეს მართლაც რომ კურიოზი წინასაახალწლოდ გადამხდა. 31 დეკემბერია და პეკინზე მაღაზიიდან მაღაზიაში დავდივარ, მოულოდნელად წინ 70 წლამდე
ხელჯოხიანი, გამხდარი და გაცვეთილპალტოიანი მოხუცი მამაკაცი გადამიდგა, მეგონა მათხოვარი იყო და ჯიბეში ხურდა ფულს დავუწყე ძებნა, მაგრამ მან ჩემდა გასაკვირად, ხრინწიანი ხმით ამოილუღლუღა:
– რაააამდენი წლიიიის ხააარ?
– 24-ის, – მივუგე გაკვირვებულმა.
– ორმაცდააათ… – დაიძახა მან და მუდარით მომაჩერდა.
– რა ორმოცდაათ, ბაბუ?! – გამიკვირდა მე.
– ორმოცდაააათ დოოოლარს მოოგცემ და გააავერთოთ… – ეშმაკურად მითხრა და მწვანე დოლარები დამანახა“.
ნება მომეცით კიდევ ერთი ქართული „სახალხო-საახალწლო“ ისტორია შემოგთავაზოთ. ამერიკაში რომ ვცხოვრობდე და ჰოლივუდში ვმოღვაწეობდე, ქვემოთ მოყვანილი შემთხვევის შესახებ ერთ გემრიელ მხატვრულ ფილმს გადავიღებდი.
გორის რაიონში ორი ძმაკაცი ცხოვრობდა. ერთად გაიზარდნენ და სკოლაც ერთად დაამთავრეს. გაჭირვების წლები რომ დადგა, ორივემ ტაქსის მძღოლად დაიწყო მუშაობა და შორ მანძილებზე, რაიონიდან რაიონში ან რაიონიდან თბილისამდე დაჰყავდათ მგზავრები. ერთი ძმაკაცი პატარაობიდან გამხდარი, შავი და მაკვარანცხი იყო და თანასოფლელებმა „ეშმაკა“ შეარქვეს, მეორე კი დინჯი, სერიოზული ბავშვი იყო და, ყოველთვის, როცა რამე გაუკვირდებოდა, „ღმერთო ჩემოო“, – ამბობდა. ამის გამო მეზობლის ბიჭებმა „ღმერთო“ შეარქვეს და ამ მეტსახელებით იცნობდა მათ ყველა.
ეს ამბავი აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ მოხდა. ზამთარია, შობის ღამე დგება და უმოწყალოდ ბარდნის. ეშმაკამ მგზავრები კასპში ჩაიყვანა და უკან ბრუნდება.
უცებ ვიღაც კაცმა აუწია ხელი. ისეთი მთვრალია, ფეხზე ძლივს დგას. გააჩერა ტაქსი და მძღოლს ეუბნება, ოღონდ უარი არ მითხრა და ას დოლარს მოგცემს, ჩემს სოფლამდე თუ მიმიყვანო და ცხინვალის რაიონის ერთ-ერთი სოფელი დაუსახელა. ეშმაკას გაუხარდა: მაინც იქით მივდივარ და ასი დოლარი ნამდვილად არ მაწყენსო, – გაიფიქრა. ჩაუჯდა მთვრალი კაცი და წავიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ მგზავრი ეუბნება, გავიცნოთ ერთმანეთი, ამაღამ შობაა და, ეტყობა, ღმერთმა შეგვახვედრა, მე ნოდარი მქვიაო. მე კი ეშმაკაო, – უპასუხა მძღოლმა. მგზავრს, ცოტა არ იყოს, არ ესიამოვნა ამის გაგონება, მაგრამ, ზრდილობის გამო უთხრა, სასიამოვნოაო. მერე კი, როგორც ხდება ხოლმე, ამინდით დაიწყეს, სპორტზე გადავიდნენ და, ის იყო, პოლიტიკასაც შეეხო მათი საუბარი, რომ მანქანა გაჩერდა. საწვავი გამითავდაო, – თქვა ეშმაკამ და გაბრაზებულმა ხელი დაჰკრა საჭეს, მაგრამ, მგზავრი გაამხნევა, – ჩემს სოფელთან ვართ გაჩერებული და რამეს მოვიფიქრებო. მგზავრი შეშინდა – ეს მძღოლი მართლა ეშმაკს ჰგავს და რამე არ მიქნასო. მერე უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და სთხოვა: იქნებ რამე მოიფიქრო, სახლში ხალხი მელოდება და შობის დადგომამდე როგორმე იქ უნდა ვიყო, თორემ, ძებნას დამიწყებენ და, მიწაში რომ ჩავძვრე, მაინც მიპოვიან, მაგრამ, არ მინდა, შევაწუხო, დიდი კაცები არიან და უხერხულიაო, – მგზავრმა, თავისი ჭკუით, მძღოლი შეაშინა.
– ახლა ნახე, რა სასწაული მოვახდინო! – თქვა ეშმაკამ, მერე აიღო მობილური, აკრიფა ნომერი და ძალიან მოწიწებით წარმოთქვა: – ღმერთო, ბენზინი გამითავდა და შენგან ას მეტრში ვარ, მანქანაში კი მგზავრი მიზის, რომელიც სახლამდე უნდა მივიყვანო. გევედრები, მიშველე!
ამ მონოლოგს გამოფხიზლებული კაცი შიშით უგდებდა ყურს, მაგრამ, მისმა შიშმა ზენიტს მაშინ მიაღწია, როცა გაიგონა, როგორ ბუყბუყით ივსებოდა ტაქსის ავზი. გულგახეთქილმა მინა ჩამოსწია და დაინახა, თეთრებში შემოსილი კაცი (უცნობის ლაბადა ფანტელებით იყო დაფიფქული და მგზავრს თეთრ მოსასხამად მოეჩვენა), როგორ „მიცურავდა“ უზარმაზარ ფიფქებში.
– ვაიმე, მართლა ღმერთმა გვიშველაო, – აღმოხდა მგზავრს და გული წაუვიდა.
დიდხანს უმტკიცებდა რის ვაი-ვაგლახით მოსულიერებულ მგზავრს ეშმაკა, ღმერთს როგორ დავურეკავდი, ჩემს ძმაკაცს ჰქვია „ღმერთო“ და იმან ჩაგვისხა ბენზინიო, მაგრამ, ვერაფრით ვერ დაარწმუნა. ის კაცი კი, დღემდე, სადაც მიდის, ყველგან ყვება, როგორ გადაარჩინა თეთრებში შემოსილმა ღმერთმა გზაში გაყინვას.
დღევანდელი „წინასაახალწლო შემთხვევების“ ბოლოს ერთი ჩვენი თანამემამულის მოსკოვურ „თავგადასავალს“ გაგაცნობთ.
„მოსკოვში ვარ, 31 დეკემბრის საღამოა. ქალაქში საახალწლო აურზაურია. ყველას სადღაც ეჩქარება. მაღაზიები სავსეა ხალხით. სულ რაღაც, ოთხ საათში მოვა ახალი წელი! ჩემი სახლის წინ დგას დიდი სუპერმარკეტი, სადაც მე და ჩემმა მეგობარმა საყიდლებზე წასლა გადავწყვიტეთ.
ჯერ ხომ ათი წუთი დაგვჭირდა, რომ მაღაზიაში შევსულიყავით! იმოდენა რიგი იყო, გეგონებოდა, სურსათის მთელი ერთი წლის მარაგისთვის იყო მოსული ეს ხალხი! როგორც იქნა, შევედით! სასმელი მეორე სართულზე იყიდებოდა, სადაც ესკალატორით უნდა ავსულიყავით. ვდგავარ ესკალატორზე და, უეცრად, დაბნელდა.
ჯერ ვერ გავიგე, რა მოხდა. თან, ესკალატორიც გაჩერდა. თურმე დენი წავიდა! უნდა გენახათ, რა ამბავი ატყდა! ესკალატორი ორ წუთში დაცარიელდა. არა მარტო მყიდველები, მაღაზიის დახამებული დაცვაც ხსნიდა შამპანურის ბოთლებს და ყველა დანარჩენ სასმელს, რაც კი მაღაზიაში იყო. ატყდა ერთი ბათქა-ბუთქი. გარეთ, რა თქმა უნდა, არავის უშვებდნენ, რომ სიბნელეში რამე არ მოეპარათ. ხალხმაც გადაწყვიტა, ესარგებლა სიტუაციით და, რაც მოასწრეს და რაც კი კუჭში ჩაეტეოდათ, შეჭამეს, მოსანელებლად კი ალკოჰოლური სასმელები მიაყოლეს.
ჩვენც დაუფიქრებლად ვეცით კონიაკის სექციას. ტელეფონის შუქით მივაგენით ჩვენს საყვარელ კონიაკს და, რადგან არავინ იცოდა, დენი როდის მოვიდოდა, მთელი სიჩქარით, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ბოთლი დავცალეთ! შუქი მთელი 40 წუთი არ მოვიდა.
ხალხმა თოვლის პაპის საჩუქრად მიიღო არსებული სიტუაცია. მეც ძალიან მადლიერი ვიყავი! როცა შუქი ჩართეს, მაღაზიაში ფხიზელს ვერავის ნახავდი!"