ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილ მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ტყვიის გადამამუშავებელი საწარმოს ამუშავების წინააღმდეგ გამოდის ქალაქ ოზურგეთს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ნანული ორაგველიძე.
ნანული ორაგველიძემ საკრებულოს სხდომაზე სპეციალური განცხადება გააკეთა და კოლეგებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
"ორი წელია მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა, განსაკუთრებით გამწვავდა სიტუაცია ბოლო პერიოდში, როდესაც იქ არაოფიციალურად მიმდინარეობს კუსტარული წარმოება და ზიანს აყენებს ადამიანებს. ეს წარმოება იწვევს არასასიამოვნო სუნს, გარდა ამისა, ყველას კარგად მოგეხსენებათ ტყვიას ძალიან დიდი დამაზიანებელი გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
მიმაჩნია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულომ უნდა დაიკავოს მოსახლეობის მხარე. ეს მხოლოდ განცხადების გავრცელებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, შესაძლებლობის ფარგლებში უნდა მივწეროთ გარემოს დაცვის სამინისტროს, რადგან არ გასცეს ლიცენზია იქ საწარმოს გახსნაზე და ჩამოყალიბებაზე", _ ამბობს ორაგველიძე.
მისივე თქმით, საქმე იმაშია, რომ მსოფლიოში არ არსებობს ტყვიის გადამამუშავებელი საწარმო უსაფრთხო გარემოსათვის.
„საქართველოში, სამწუხაროდ, ლიცენზიები გაცემულია რამდენიმე კუსტარული საწარმოზე, მათ შორის არის თბილისში, ლილოსთან და ის ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენს. ეს გადამამუშავებელი ქარხანა თუ შეიქმნა ოზურგეთში საქართველოს მასშტაბით ვადაგასული აკუმულატორები, გადამუშავების მიზნით, მიწოდებული იქნება ოზურგეთისთვის, რაც ქალაქისთვის სასიკვდილო განაჩენი გახდება. ოზურგეთისთვის ყველაფერი კარგავს აზრს.
ტყვია რადიაციული დაბინძურების შემდეგ ნომერ პირველი დამაბინძურებელი მავნე ელემენტად ითვლება. მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში მუშაობს მსგავსი ქარხანა და ჩერნობილის დონეზე ფიქსირდება. აზიანებს ჰაერს, ნიადაგს, ადამიანის ჯანმრთელობას და ყველაფერს, რაც სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. ეს, რომ მოხდეს ოზურგეთში რამდენიმე წლის შემდეგ დაავამდყოფებულ ქალაქად გადაიქცევა.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ინდოელ მეპატრონესთან ერთად აქ არის ქართველი მეპატრონე, რომელიც არ ჩნდება და ძალიან საინტერესოა, რომ ასეთი რამ რატომ ხდება?!" _ თქვა ნანული ორაგველიძემ.
"გურია ნიუსმა" ამ თემასთან დაკავშირებით სტატია18 იანვარსაც გამოაქვეყნა.
შპს "ჯეო გადამამუშავებელი" საწარმოს წარმომადგენელის სალომე ქათამაძის თქმით, საწარმოში ამ ეტაპზე ტყვიის გადამამუშავებელი სამუშაოები არ მიმდინარეობს. საკითხის საჯარო განხილვა კი, უახლოეს მომავალში გაიმართება. ამავე საკითხზე გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძე შპს "მანსაროვარი"-ს დამფუძნებელს არვინდ შარმას შეხვდა. შეხვედრას მედიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, მოგვიანებით კი გურიის გუბერნიის "ფეისბუქის" გვერდზე ინფორმაცია გავრცელდა.
"ჩემი ინტერესი გურიის რეგიონში ნებისმიერი ინვესტორის შემოსვლა გახლავთ, მაგრამ ამავე დროს, გათვალისწინებული უნდა იქნას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი. ჩვენთან შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი კომპანიის მიერ შემუშავებულ პროექტს განიხილავს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ კომპანიის წარმომადგენლების რაიმე სახით შეზღუდვას. კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ინვესტორის ჩემს პატივისცემას და კანონის ფარგლებში, ნებისმიერი სახის საქმიანობას მივესალმები, რაც ჩვენი რეგიონისა და მოსახლეობისთვის იქნება მისაღები", _ განაცხადა გია სალუქვაძემ.