ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის მოსახლეობის თხოვნას, ადგილობრივი ხელისუფლება და მაჟორიტარი დეპუტატი გზის გაწმენაში დაეხმაროთ, ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პასუხობს.
როგორც კვაჭანტირაძე წერს, ყველაფერი კეთდება, რომ გზა დროულად გაიწმინდოს. "დავეხმარებით ყველას. გამგეობა და გამგებელი აკეთებენ მაქსიმუმს და იმაზე მეტს, რისი გაკეთებაც შესაძლებელია. მობილიზებულია საკუთარი, ნაქირავები და ნათხოვარი ტექნიკა", _ წერს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, ზვიად კვაჭანტირაძე.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის მოსახლეობა მეორე დღეა დახმარებას ითხოვს.
"გურია ნიუსის" ცხელ ხაზზე განსაკუთრებით აქტიურად თხინვალის მოსახლეობა რეკავს და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებას ითხოვს.
როგორც მოსახლეობა ამბობს, თხინვალში, კვაჭანტირაძეების უბანი ამ დრომდე არ გაუწმენდიათ.
"გუშინაც გესაუბრეთ და დახმარება გთხოვეთ. ელექტროენერგიის პრობლემა დროულად მოგვარდა. გზის პრობლემა კი ისევ რჩება. იქნებ დაგვეხმაროთ. პარლამენტში ჩვენი დეპუტატი კვაჭანტირაძეა და სწორედ კვაჭანტირაძეების უბანია გასაწმენდი", _ ამბობენ თხინვალელები.
აღსანიშნავია ისიც, რომ თხინვალში ერთი გარდაცვლილიცაა, რომლის დასაფლავებასაც ადგილობრივები დიდთოვლობის გამო ვერ ახერხებენ.
როგორც "გურია ნიუსს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ უთხრა: სოფელ კონჭკათიდან მოდის ტრაქტორი და დღეს თხინვალის ტერიტორიის გაწმენდასაც შეძლებს.
ჭანუყვაძის თქმით, ის ამ წუთებში სოფელ შრომაში იმყოფება და გზას გაწმენდის სამუშაოებს თვალყურს პირადად ადევნებს.
ამავე თემაზე:
„სოფელში მიცვალებული გვყავს და ვერ ვასაფლავებთ“ – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს