ზოგადად, როცა ხეხილოვანთა ბაღს გაშენებას ვიწყებთ, თანდათან ვახდენთ თითოეული ძირი ხის სხვლასაც, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მოხდეს ხეხილის ძლიერი ვეგეტაციური ზრდა. მცენარეს, რაც უფრო ემატება წლები, ასაკობრივ ცვლილებასთან ერთად, იცვლება სხვლის წესი და მეთოდი.
გასხვლა ძირითადად ორი წესით ხდება _ ეს არის ტოტების დამოკლება და ტოტების გამოხშირვა. კარგი ამინდის პირობებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, თებერვლის შუა რიცხვებიდან სავსებით შესაძლებელია ეს პროცესი დავიწყოთ, ოღონდ თვალი უნდა ვადევნოთ ამინდის პროგნოზსაც.
ხეხილის გასასხლავად უნდა გამოვიყენოთ ტოტების დამოკლების და ტოტების გამოხშირვის წესი _ როცა ტოტს ვამოკლებთ, მას ვაჭრით გარკვეულ ნაწილს. ამას უფრო მხედველობით ვსაზღვრავთ, გამოხშირვისას კი "რგოლზე" ვჭრით.
აღნიშნული სხვლის ორნაირი წესი სიძლიერის სამი ხარისხით გამოირჩევა _ ეს არის ძლიერი, ზომიერი და სუსტი სხვლა. ძლიერი სხვლის დროს, ერთწლიან ტოტს წავაჭრით სიგრძის ორ მესამედს. ზომიერი სხვლისას სიგრძის ნახევარს ვაშორებთ, ხოლო სუსტი სხვლისას სიგრძის ერთ მესამედს ვაჭრით.
რატომ არის საჭირო სხვლის სიძლიერის ეს სამი ხარისხი?
ძლიერი სხვლა ხელს უწყობს ხეხილის ძლიერ, ვეგეტატიურ ზრდას. ზოგიერთი სხვლა კი, ზრდასთან ერთად, სანაყოფე ტოტებს წარმოქმნის, რაც ხელს უწყობს მოსავლის გადიდებას. ამიტომ, ასაკის მიხედვით უნდა მოხდეს ხეხილის სხვლა. ამასთანავე, კარგმა მეურნემ და მებაღემ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს თითოეული სახეობის ბიოლოგიური თავისებურება. ახალგაზრდა ხეხილის დარგვიდან პირველ ორ წელს ძლიერი გასხვლაა საჭირო, რადგან ვარჯის ფორმირებასთან ერთად, საჭიროა ჩონჩხის ძირითადი ტოტების ფორმირება. შემდეგ კი მსხმოიარობის მოკლებასთან ერთად, სხვლის სიძლიერეც უნდა შესუსტდეს და ძირითადად ხეხილი ზომიერად უნდა გავსხლათ, რასაც მიზნად დაედება სანაყოფე ტოტების განვითარება.
როგორც აღვნიშნეთ, ზომიერი ტემპერატურის პირობების ამინდში, სხვლის გაგრძელება შეიძლება მთელი ზამთრის განმავლობაში და ნუ შეშინდებით იმის გამო, რომ ზამთარი წელიწადის ყველაზე ცივი დროა. ერთწლიანი ტოტები კვირტთან ახლოს, ზურგისკენ დაქანებით დავამოკლოთ ისე, რომ ჭრილობა კვირტის ფუძესთან დაიწყოს. რაც შეეხება ორწლიან და მეტი ასაკის ტოტს, განტოტვის ადგილზე (სახსარში) უნდა გადაიჭრას. შემდეგ კი გადაჭრის ადგილზე ბაღის მალამო წავუსვათ.