მარგალიტი ბუნების მიერ შექმნილ საოცრებათგან ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მომხიბვლელია.
მარგალიტისგან შექმნილი სამკაული კლასიკურია და გასაოცრად დახვეწილი. მას კონკრეტული ფორმა აქვს – მრგვალია ან წვეთისებრი. მდიდრული, მბრწყინავი, ფერთა ორიგინალური გრადაციით. მარგალიტისგან სიურპრიზებს, მოულოდნელობებს არ ელოდებიან.
სტაბილურად ძვირფასია და პრესტიჟული… თუმცა, გამონაკლისი მარგალიტებშიც არსებობს. ეს არის მარგალიტი "კეში". მას ფერთა წარმოუდგენლად დიდი პალიტრა აქვს. ვარდისფერი, იისფერი, შოკოლადისფერი, ზღვის ტალღისფერი… ბრწყინავს ჩვეულებრივ მარგალიტზე ორჯერ უფრო მეტად და რაც გაცილებით მნიშვნელოვანია – არასტანდარტული ფორმა აქვს. არ არსებობს ორი ერთნაირი "კეში". იაპონურიდან თარგმანში "კეში" ყაყაჩოს მარცვალს ნიშნავს.
სინამდვილეში, "კეშის" ყაყაჩოსთან ან მარცვალთან საერთო არაფერი აქვს, კულტივირებული მარგალიტისგან განსხვავებით. საქმე ისაა, რომ დღეს თითქმის ყველა მარგალიტი ხელოვნურად არის გამოყვანილი, ფერმაში. "ველური" მარგალიტი – რომელიც ბუნებრივად იზრდება ნიჟარებში, ძალიან იშვიათია და კოლოსალური თანხა ღირს. ფერმაში, ნიჟარაში ხელოვნურად შეჰყავთ პაწაწინა, დაპრესილი სადაფის მარცვალი. ამ იმპლანტის გარშემო იზრდება მარგალიტი – გლუვი და თანაბარი ფორმების. მაგრამ, ზოგჯერ ისე ხდება, რომ ნიჟარის კედელზე გამოიზრდება მეორე მარგალიტიც – სტიქიურად და თავისი წესებით, არაბუნებრივი ფერით და ფორმით. სწორედ ეს არის "კეში". მისი სიდიდე მთლიანადაა დამოკიდებული ნიჟარის ზომაზე.
ყველაზე იშვიათია შოკოლადისფერი "კეში" – "მოკოს" შეფერილობით. დღემდე ვერავინ ახსნა, რა აძლევს მარგალიტს ამ შეფერილობას.