ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი ორჯერ ჩავარდა. "გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2016 წლის 5 თებერვალს საკრებულოს სხდომაზე წლის მთავარი დოკუმენტის მიღებაზე იმსჯელებენ. ასევე ჩვენთვის ხდება ცნობილი, რომ ამავე საკრებულოს სხდომაზე დადგება საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და ოთხი კომისიის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია. მისივე თქმით, მისთვის არავის უთქვამს, თუ რატომ აპირებენ იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას.
" 5 თებერვალს გადის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოზე. არ დამტკიცების მიზეზი ის იყო, რომ ოპოზიციამ არ დაუჭირა წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარი. როგორც მოგეხსენებათ, ქალაქ გორის საკრებულოში უმრავლესობა აღარ არის. თავიდან ოპოზიციამ დააყენა შენიშვნები, რომელიც გავუგზავნეთ მერიას, გარკვეული შენიშვნები გათვალისწინებული იყო, მაგრამ მაინც არ დაუჭირეს მხარი და აქედან გამომდინარე, 2015 წელს ვერ მოხდა ბიუჯეტის დამტკიცება.
საერთოდ არ ამბობენ რა არ მოსწონთ და რისთვის ითხოვენ იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას. დეპუტატებს შეუძლიათ, რომ იმპიჩმენტის საკითხი დააყენონ. ის, რაც ხდება ქალაქ გორის საკრებულოში, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია. როდესაც უმრავლესობა არ არის საკრებულოში ,ყოველთვის არის მსგავსი პროცესები მოსალოდნელი." – თქვა ჩვენთან საუბრის დროს პაპუნა კობერიძემ.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი საკითხი, რამაც გამოიწვია უნდობლობის გამოცხადება, არის ორჯერ ჩავარდნილი ქალაქის ბიუჯეტი. "მერს არ ეძლევა საშუალება განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება სრულად, რაშიც გარკვეულწილად ხელს უშლის საკრებულოში არსებული სიტუაცია. თუნდაც ის, რომ დეკემბერში ორჯერ გაიმართა ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა, ხოლო 14 იანვარს დანიშნული რიგგარეშე სხდომა აღარ მოიწვია თავმჯდომარემ, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სხდომაზე ასევე უნდა განხილულიყო უნდობლობის საკითხი და 1 თვით გადაიდო ისეთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღება, როგორიც ბიუჯეტია."
საკრებულოს დეპუტატი რამაზ იოსელიანი "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი შენიშვნების უმეტესობა არ არის გათვალისწინებული და აქედან გამომდინარე, არ მოხდა ბიუჯეტის დამტკიცება.
"ძალიან ბევრ რამეს არ ვეთანხმებოდით და აქედან გამომდინარე, ჩავარდა ბიუჯეტის მიღება. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ არის გაბერილი შტატები, სსიპ-ებს ჰქონდა ძალიან არამიზნობრივი ხარჯვა. მიუხედავად ამისა, ითხოვდნენ ანაზღაურების მომატებას და ეს ყოვლად დაუშვებელია.
საკრებულო, მერია, გუბერნია უნდა ზრუნავდეს ქალაქზე. აქ არ აქვს მნიშვნელობა მე ოპოზიციაში ვარ თუ უმრავლესობაში. ვინც არის იმ საკრებულოში, გამგეობაში თუ გუბერნიაში, ყველა უნდა აკეთებდეს საქმეს და უნდა მიხედონ ქალაქს. არავინ არ ზრუნავს და ამაშია საქმე, რომ არ მივიღეთ ის ბიუჯეტი, რომელიც არ წაადგება ხალხს. მტრულად არ ვართ განწყობილი, ყოველთვის წინააღმდეგი არიან ჩვენს მიერ მიწოდებული წინადადებების. არ ვართ ჩვენ მათი მტრები, ჩვენ გვინდა შედეგი. საქმე საქმეზე, რომ მიდგეს, არაფერი არ არის გაკეთებული. მაქვს ინფორმაცია, რომ გუბერნატორი ერევა ამ ყველაფერში და ეს გუბერნატორი თვალით არ გვინახავს ვინ არის." – გვითხრა რამაზ იოსელიანმა.