საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის რეფორმას იწყებს, რომელიც ორგანიზაციის განცხადებით, 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
დღეს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის კონცეფციის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და პროკურორები ესწრებოდნენ.
ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის და საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, სავალდებულო სტაჟირების სისტემა გულისხმობს, ადვოკატის პროფესიაში შემოსვლის მსურველის, პროფესიულ უნარ–ჩვევებში მომზადებას, სასწავლო და პრაქტიკული კურსის გავლის გზით, სავალდებულო სტაჟირების სისტემის მიზანია, საადვოკატო საქმიანობის პრაქტიკული ცოდნისა და უნარ–ჩვევების მქონე პირის პროფესიაში მიღება.
როგორც "გურია ნიუსთან" ინტერვიუში ირაკლი ყანდაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ამ რეფორმით იქმნება მექანიზმი, ადვოკატთა ასოციაციამ აკონტროლოს, რა თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იძენს სტაჟიორი სტაჟირების.
"საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს პროფესიის განვითარებაზე ფიქრს და მუშაობას, ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროფესიის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციის და საზოგადოებაში ადვოკატის პროფესიისადმი ნდობის მოპოვების პროცესს, რაც გადის კვალიფიციური სერვისის მიწოდების ზღვარზე და შესაბამისად ამ კუთხით ვგეგმავთ ახალ რეფორმას, რაც გახდება წინაპირობა და გარანტია კიდევ უფრო განსწავლული, პრაქტიკისთვის მეტად მომზადებული ადვოკატების პროფესიაში მიღებისა.
აღნიშნული რეფორმა "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ინიციატივით მიმდინარეობს და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის მიერ არის მხარდაჭერილი.