გასულ კვირას, სოციალური ქსელის მთავარი თემა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა იყო.
გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მოხსენებას, ორწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად დაესწრო საქართველოს მთავრობის სრული შემადგენლობა, რასაც საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა.
.
პარლამენტის თამჯდომარის თანაშემწე ზვიად კირტავა აღნიშნავს, რომ პრემიერმა უმცირესობას "მასტერკლასი ჩაუტარა":
_ დღეს პირველად პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის პლენარულ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა ერთ საათზე მეტხანს დარბაზში ხმაამოუღებლად ჯდომით მთელი პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის უმრავლესობაც, უმცირესობაც, და დიპლომატიური კორპუსიც, ვფიქრობ, ჩვეული კალაპოტიდან ამოაგდო!
ალბათ, პრეზიდენტი მარგველაშვილისთვისაც, გარკვეულწილად, მოულოდნელი იყო სხდომის ასეთი მიმდინარეობა.
ხოლო უმცირესობისათვის კი სრულიად დამაბნეველი ჩანს ჩვეული კონფრონტაციული დაპირსპირების რეჟიმიდან ამოვარდნა.
თითქოსდა უნდა გახარებოდათ, არადა, აშკარაა, რომ საკმაოდ შეშფოთებულები არიან, რადგან ადრე ყოველთვის ამ კონფრონტაციულ მინდორზე ნავარდით იოლად იწერდნენ
დაჩაგრული და შევიწროებული ოპოზიციისთვის" განკუთვნილ ქულებს და ახლა აღარ იციან, რა მოიმოქმედონ, ლამისაა "პად-დავკის" თამაში ინატრონ, მაგრამ რომ აღარ გამოსდით?!
მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როცა ვინც წყნარად და მშვიდად არის, აუღელვებლად აგროვებს ქულებს! _ წერს კირტავა სოციალურ ქსელში.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენამდე, დეპუტატ მანანა კობახიძეს დაბადების დღე მიულოცა მისი და პარლამენტის წევრების სახელით:
"აი, როგორ აზრზე არ უნდა იყო არაფრის, პრეზიდენტის გამოსვლამდე და მის საპარლამენტო ტრიბუნაზე მოწვევამდე, მანანა კობახიძეს (და ვინც გინდა, იმას) ულოცავდე დაბადების დღეს. არასერიოზულობა, უცოდინრობა და პროვინციალიზმი", _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
პრეზიდენტის მიერ გაკეთებული მესიჯები საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა სრულიად გადაფარა.
თოფაძემ ქვეყნის პირველი პირი გააკრიტიკა და მისი მისამართით პარლამენტის ტრიბუნიდან დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა:
"ბატონო პრეზიდენტო, მინდა თქვენს მიმართ რამდენიმე კრიტიკა გამოვთქვა. თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში. თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა, ბგერა ანალიზდება. მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე _ თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახელობას. მაშინ, ალბათ, არც საქართველოს პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ," _ მიმართა თოფაძემ პრეზიდენტს.
ფრაქცია "მრეწველების" ლიდერის მიერ გაკეთებულმა ამ განცხადებამ საზოგადოება აღაშფოთა და გამონაკლისი არც სოციალური ქსელის მომხმარებლები ყოფილან:
ლანა ღვიჯილია: "საპენსიო ასაკი ტყუილად კი არ მოუგონიათ თავის დროზე _ ამას ჭკუა უკვე ნაკლებად მოეთხოვება. 2. თვითონ არ "აარჩია" ეს მთხლე პრეზიდენტად? მე მივეცი ხმა და მე დავაყენე კანდიდატად? 3. და ახლა კიდე ჩემი დასაცავია ქოცების მოყვანილი პლასტელინა პრეზიდენტი ქოცებისვე შეურაცხყოფისგან?! შეგვეშვით რა!!!"
ნანუკა ჟორჟოლიანი: "სიტყვა დაუნისთვის ბოდიშს სანამ საჯაროდ არ მოვახდევინებთ გოგი თოფაძეს, მანამდე არაფერი გვეშველება! მოიხადოს ბოდიში!"
ეკა ხოფერია: "ღმერთო, გაიტანეთ ეს ადამიანი პოლიტიკური სივრციდან და პარლამენტიდან!!!"
თამარ ზერეკიძე: "ეს ადამიანი საგიჟეთში რომ დავაწვინოთ, არა?! ეს რა ჭირი გვჭირს!"
დავით ნებიერიძე: "ამ გაუნათლებელმა და თანაგრძნობის უნარს აბსოლუტურად მოკლებულმა ადამიანმა ისიც კი არ იცის, რომ დაუნი სალანძღავი სიტყვა არ არის! სოლიდარობა დაუნის სინდრომიან ადამიანებს!"
პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებისთვის პარლამენტის დარბაზი საგანგებოდ მოამზადეს. საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზის დასუფთავება და ყვავილებით მორთვა დილიდან დაიწყო.
დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ "ფეისბუქზე" ფოტოს გამოაქვეყნა, რომელიც ტრიბუნასთან ახლოს, ყვავილების გვირგვინის ფონზეა გადაღებული. ფოტოს ხაჩიძემ ასეთი წარწერა დაურთო: "საპრეზიდენტო "ვენოკთან".
გასულ კვირას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვითაც, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, დაჯარიმდება 300 ლარით; იგივე ქმედების გამეორება გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარით.
ასევე, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
ამ თემას სოციალურ ქსელში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა:
თბილისის საკრებულოს დეპუტატი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ამ კანონის მიღება "ტაბურეტკების ლეგალიზაციაა":
"სპეკულაციები რომ არ იყოს (თუმც, ვეჭვობ მაინც იქნება), თავიდანვე ვიტყვი, რომ ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არის ცუდი. და საერთოდ ყველანაირი შეურაცხყოფა ცუდია, მე რომ მკითხო.
მაგრამ მასე იმდენი რამეა ცუდი ამ ქვეყანაზე, რომ ყველაფერი თუ აკრძალე, სუნთქვაც კი შეუძლებელი გახდება. მაგალითად ეკლესია მრისხანებას და სასოწარკვეთილებას საერთოდ მომაკვდინებელ (მომაკვდინებელ!) ცოდვებად მიიჩნევს და რა ვქნათ ახლა? თუ ვინმე გაბრაზდება ან უიმედობის განცდა შეაწუხებს, "სროკზე" გავუშვათ?
თუმცა, ვეჭვობ რთული იქნება, განუმარტო ასეთი ელემენტარული რაღაცეები იმას, ვინც სასულიერო პირის შეურაცხყოფისთვის სამასლარიანი ჯარიმის დაწესებას ითხოვს. ანუ მღვდლის შეგინება, კანონპროექტის ავტორთა აზრით, ფასიანი უნდა გახდეს, მაშინ როცა ექიმის, მასწავლებლის და სხვისა და სხვისა პროფესიის ადამიანის შეურაცხყოფა უფასოა.
ამიტომაც კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც რეალურად სხვა არაფერია, თუ არა გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა და, ფაქტობრივად, "ტაბურეტკების" ლეგალიზაცია, თავად არის რელიგიური გრძნობების და საერთოდ საღი აზრის შეურაცხყოფა, მაგრამ თავისთავად ასეთი კანონპროექტის ინიცირება კი არაა პრობლემა _ ასეთი რაღაცეები საპარლამენტო ცხოვრებაში ადრეც ხდებოდა და მომავალშიც მოხდება _ არამედ პრობლემა ისაა, რომ ამას პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი უჭერს მხარს (სხვა სახელი მაინც ერქვას ამ კომიტეტს!). ეს ქმნის განცდას, რომ კანონპროექტი, პრინციპში, ხელისუფლებიდან მოდის და უმრავლესობის მიერაა მოწონებული.
და ეს განცდა, რომ მცდარია და რომ ხელისუფლება აღნიშნულ კანონპროექტს არ მიიღებს, ამის დემონსტრირება ყველას მოგვიწევს, ვინც კი ამ ხელისუფლებაში ვართ. აზრთა სხვადასხვაობა ბევრ რამეზე შეიძლება იყოს და კოალიციაში (მით უმეტეს, საკმაოდ სპეციფიურ პირობებში შექმნილ კოალიციაში) ყოფნა ამას თავისთავად გულისხმობს, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა არამც და არამც არ შეიძლება იყოს ისეთი ფუნდამენტურ ღირებულებების მიმართ, როგორიცაა რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯნულობა სეკულარობის საფუძველზე და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება," _ წერს ზურაბიშვილი.