თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიურ ანგარიში – "ადამიანის უფლებები რეგიონებში" მოამზადა.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით გამოიკვეთა, როგორც სამოქალაქო-პოლიტიკური, ასევე სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დარღვევები. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, არსებული მძიმე სოციალური ფონი, ეკონომიური მდგომარეობა, არამდგრადი გარემო და სახელმწიფო პოლიტიკა, გარკვეულწილად, პრობლემებს ქმნის ადამიანის უფლებათა კუთხითაც.
ანგარიშმა გამოავლინა ისეთი დარღვევები, როგორიცაა ეროვნულ და ეთნიკურ უმცირესობას მიკუთვნებულ ჯგუფთა, შშმ პირთა, დევნილთა, თავშესაფრის არმქონე პირთა, რელიგიურ უმცირესობას მიკუთვნებულ პირთა უფლებების დარღვევები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ანგარიშში სხვა უფლბებთან ერთად ძირითადი აქცენტი სოციალურ თემატიკაზეა გაკეთებული და მონიტორინგის ის შედეგები, რაც განხილულია მასში, ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა მძიმე ვითარებაა დღეს უფლებრივი მდგომარეობის კუთხით. მონიტორინგის შედეგებმა ცხადყო, რომ ქვეყანაში დღემდე პრობლემას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ეფექტური დაცვა. ხარვეზიანი საკანონმდებლო რეგულაციები საწყის ეტაპზევე არღვევს ადამიანის უფლბებს. იგივე შეიძლება ითქვას სოციალურად დაუცველი პირების, დევნილთა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა უფლბებეზეც.
ცალკე უნდა გამოიყოს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობას მიკუთვნებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. გამოიკვეთა პრაქტიკის ხარვეზები, კონკრეტულ შემთხვევებში კი სახლისუფლებო შტოს წარმომადგენელთა, სამართალდამცავთა უმოქმედობა, რაც ხელს უწყობს პრობლემის დამძიმებას და კიდევ უფრო ამძაფრებს არსებულ სიტუაციას უფლებათა დარღვევის კუთხით. მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სასურველია გათვალისწინებულ იქნეს პროექტის ის რეკომენდაციები, რაც ანგარიშშია წარმოდგენილი, რიგ შემთხვევაში საუბარია საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე, დამატებითი რეგულაციების შექმნაზე და ასევე პრაქტიკის გაუმჯობესებაზე, სახელმწიფოს პოლიტიკის შეცვლაზე კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისათვის.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი რეკომენდაციას უწევს საქართველოს მთავრობას, საკანონმდებლო დონეზე შეიმუშავოს ოჯახის დეკლარაციის დამუშავების პროცესში ადამიანური რესურსის მეტი ჩართულობა. კერძოდ, მოქალაქეთათვის სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭება განხორციელდეს არა მხოლოდ კომპიუტერის (ტექნიკური საშუალების) მეშვეობით, არამედ ადამიანური რესურსის მეშვეობით. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ ქ. თბილისის მერიის მიმართ გაცემულ რეკომენდაციათაგან ერთ-ერთი უსახლკაროების გამოსახლების პრობლემას ეხება. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია უსახლკაროთა იძულებითი გამოსახლება საცხოვრებელი ფართის იურიდიული მფლობელების მიერ ან ამ პროცესში სამშენებლო კომპანიების მუშებისა თუ სხვა არასაჯარო პირთა მონაწილეობა.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა წლიურ ანგარიშში რეკომენდაცია ასევე გასცა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტოს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საგამოძიებო ორგანოების მიმართ.
მთავარ პრობლემად საქართველოში კვლავ რჩება ადამიანთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დარღვევა. სირთულეებია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სათანადო საცხოვრისის უფლება, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება, დევნილთა უფლებების დაცვა, კონფლიქტით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობა.
ანგარიში მოიცავს 2014 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 1 აგვისტომდე პერიოდს.